"ევროპული საქართველოს" წევრი და საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეთანხმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სწრაფი ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში იყოს გამოყენებული.
ჭიაბერაშვილი "ღამის კურიერში" ამბობს, რომ სწრაფი ტესტირება სახელმწიფოს რესურსს დაუზოგავს.
"საკარანტინო სივრცეები შეზღუდული გვაქვს. გამოდის, რომ კარანტინში უნდა მოვათავსოთ უამრავი ადამიანი, რომელიც არ ვიცით, ინფიცირებული არის თუ არა. მაშინ, როცა სწრაფი ტესტი მეტნაკლები სიზუსტით გამოყოფს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ დაუდასტურდათ ამ სწრაფი ტესტით, მოვაქცევთ სახლში მკაცრ იზოლირებულ პირობებში. თუ რომელიმეს აღმოაჩნდება, იმ მცირე კლასტერსაც მარტივად მოვუვლით. ხოლო ვისაც დაუდგინდებათ, იმათ მოვაქცევთ კარანტინში - ისინი იქნებიან უსიმპტომოები, ან მსუბუქი სიმპტომებით. საავადმყოფოები უნდა გამოვიყენოთ მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის," - აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.