მარნეულის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 6 ადამიანი იმყოფება. 2-ის ანალიზის პასუხს კორონავირუსთან დაკავშირებით ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან, 4-ის ანალიზი კი მოგვიანებით იქნება.
მარნეულის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი სრულდება. ზაურ დარგალის თქმით, მარნეულში კომენდანტის საათმა მშვიდად ჩაიარა და რაიმე დარღვევა არ ყოფილა. კარანტინის განსაკუთრებული ზომების მოქმედების ზონაში ნებართვის მქონე ავტომობილები შესაბამისი შემოწმების შემდეგ შედიან. ადგილზე შესვლის უფლება აქვთ მარნეულსა და ბოლნისში ჩაწერის მქონე მოქალაქეებსაც.
"საველე ჰოსპიტალში იმყოფება 6 ადამიანი, აქედან 2-ის პასუხი იქნება დღეს, დანარჩენი 4-ის ხვალ. ბანკებთან დისციპლინაა, მოსახლეობა იცავს დისტანციას, მარაგებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა. გუშინ იცით, რომ 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტი საათი იყო და მარნეულში იყო სრული სიწყნარე," - განაცხადა ზაურ დარგალმა.
მარნეულის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელს, მათ შორის მეორად გზებს პოლიციელები და სამხედროები აკონტროლებენ.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა.