26 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ფოთის ორივე შემოსასვლელში განთავსებული ბლოკ-პოსტების ფუნქციონირებას გაეცნო

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთის ორივე შემოსასვლელში განთავსებული ბლოკ-პოსტების ფუნქციონირებას გაეცნო.

მან მოისმინა იქ განთავსებული პერსონალისაგან სამუშაო პროცესის უკეთ ორგანიზებისათვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და გასცა შესაბამისი დავალებები.

"მიზანი ჩამოსვლის მხოლოდ ერთია, გავცნობოდი მდგომარეობას ადგილზე, გავცნობოდი იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს სამართალდამცავებს. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მინდა ერთგვარად ბოდიშიც მოვუხადო, შეფერხება რომ უწევთ, თუმცა ეს არის აუცილებლობა და ჩვენი მოქალაქეები ამას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

თერმოსკრინინგზე, ფაქტიურად, არავინ უარს არ ამბობს, ფაქტიც არ ყოფილა რაიმე უხერხულობის, ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება განვმუხტოთ შექმნილი საცობი, თუმცა ამჯერად ის მაქსიმუმი რაც კეთდება,  უკეთესის საშუალებას არ გვაძლევს. დამატებით ხვალ, ზეგ გამოიკვეთება კიდევ ის საკითხები, რომელთა დარეგულირება  გახდება საჭირო და ჩვენც რა თქმა უნდა შესაბამისად ვიმოქმედებთ,"- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

გუბერნატორის განცხადებით, ბლოკ-პოსტები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და COVID-19-ის შემდგომი გავრცელების პრევენციისათვის მათ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება საეჭვო პაციენტების იდენტიფიცირება და იზოლაცია.

"ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში გადაყვანილია ამჯერად დადასტურებული შემთხვევით ორი მოქალაქე, ასევე ფოთის ჰოსპიტალიც არის განკუთვნილი სწორედ ამ მიზნებისათვის და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ფოთის საგუშაგოზე 6 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, იყო როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად გატარდა ღონისძიება. ამასთან, ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ნაწილი კი  თურქეთის საზღვრამდე გააცილეს," -  განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია და უახლოესდღეებში რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას ელოდებიან. 

"ვითარება არის სტაბილური, ამ დღეებში ველოდებით რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას, ამდენად ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ მზად იმისათვის, რომ თუ ხვალ დამძიმდება ვითარება ჩვენს რეგიონში, შევძლოთ ჩვენს მოქალაქეებს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ.

ხვალიდან თუ არ დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას იმოქმედოს საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების საფრთხის კიდევ უფრო დამძიმებას. ის მოთხოვნები, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ითხოვს, არის ჰიგიენა და დისტნცია,"- განაცხადა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა. 

დღის ამბები