18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც COVID-19-ის ნიშნები აქვს ამტელ ჰოსპიტალისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომელია

ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც COVID-19-ის ნიშნები აქვს "ამტელ ჰოსპიტალის​ა" და "კავკასიის მედიცინის ცენტრის" თანამშრომელია. ორივე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ კლინიკაში პაციენტებთან კონტაქტის ყველა სტანდარტი დაცულია და შეუძლებელია, ექიმის ინფიცირება კლინიკაში მომხდარიყო. 

კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორის, სულხან ლომინაძის თქმით, ექიმმა 27 მარტის მორიგეობის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

"27-ში ბრძანდებოდა მორიგე. მორიგეობის შემდეგ თავი იგრძნო შეუძლოდ, დატოვა მორიგეობა და წავიდა თვითიზოლაციაში. გუშინ, თავისივე სურვილით გაიკეთა სწრაფი ტესტი, სადაც სუსტად დადებითად დაუდასტურდა COVID 19. ყველა ექიმს, განსაკუთრებულად, გადაუდებელ განყოფილებაში, პაციენტთან აქვს კონტაქტი, მაგრამ კონტაქტი ხდება სრული დაცვით და ეკიპირებით. აქედან გამომდინარე, ან პაციოენტიდან გადადება ან პაციენტზე ექიმიდან გადადება წარმოუდგენელი,"-განაცხადა სულხან ლომინაძემ.

ამტელ ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ლაშა მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ 24 მარტის შემდეგ ექიმს მათ კლინიკაში მორიგეობა არ ჰქონია. 

"წინასწარი კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტი, ახლა ტარდება უფრო ღრმა კვლევები და საბოლოო ინფორმაცია უფრო იქნება დღის ბოლოს. მინდა გითხრათ, რომ ეს ექიმი, აგრეთვე, მუშაობს სხვა კლინიკაში. ჩვენთან 24 რიცხვის მერე არ უწევდა მორიგეობა. თუ დადასტურდა, ეპიდემიოლოგები საქმის კურსში არიან და დაველოდებით მათ რეკომენდაციებს,"- განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ექიმს ახალი კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომებით კლინიკებში აკვირდებიან. საუბარია ამტელ ჰოსპიტალისს და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომელზე და, აგრეთვე, ინგოროყვას კლინიკის ექიმზე. მათ ჰქონდათ იმ პაციენტებთან შეხება, რომლებსაც მოგვიანებით COVID-19 დაუდგინეს. ინგოროყვას კლინიკის 3 ექიმი იზოლაციაში იყო, სამიდან ერთი ტემპერატურის მატებით კლინიკაში გადაიყვანეს. სწრაფი ტესტის ჩატარების შემდეგ, მას დამატებითი ანალიზები აუღეს. ინგოროყვას ექიმის ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. რაც შეეხება ინფიცირებულ მოქალაქეს. ის ინგოროყვაში ამბულატორიულ ვიზიტზე იყო მისული, რის მერეც მას ახალი ვირუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები