ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ მათი 1 კოლეგაა. პაციენტი "ამტელ ჰოსპიტალის" და "კავკასიის მედიცინის ცენტრის" თანამშრომელია. 24 და 27 მარტის შემდეგ არცერთ სამსახურში არ გამოცხადებულა. მიზეზი - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. სწრაფმა ტესტმა COVID-19 დაადასტურა. როგორც "ამტელ ჰოსპიტალში" ისე "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გამორიცხავენ, რომ ინფიცირება მათ დაწესებულებაში მომხდარიყო. მიზეზად უსაფრთხოების მაღალ დონეს და მედიკოსების დამცავ ეკიპირებას ასახელებენ.
ინფექციურ საავადმყოფოში ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ტემპერატურის მატების შემდეგ თვითიზოლაციიდან ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკის ექიმი. მას 25 მარტს ურთიერთობა ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.COVID-19-ზე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მედპერსონალის ნაწილი მაინც თვითიზოლაციაში რჩება.
ამ დრომდე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი. СOVID-19-ის დიაგნოზი მას 30 მარტს დაუსვეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავად ექთანი დაინფიცირების ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ შტატებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე სამედიცინო პერსონალის მითითებებს არ ემორჩილებოდა და პალატას სისტემატიურად ტოვებდა.
მედიკოსებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ. პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის საფრთხე მაღალია, თუმცა წინა ხაზზე მებრძოლმა მედპერსონალმა პროფესიონალიზმის მაღალი დონე უნდა შეინარჩუნოს.
ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსით მედპერსონალის ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.