ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი უარს აცხადებს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფების დახმარებას დათანხმდეს, სწორედ ამის გამო რეგიონში უმძიმესი ვითარებაა - ამის შესახებ "დღის კურიერში" სტუმრობისას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მანვე განმარტა ის პროცედურები, რომლის საშუალებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, სამედიცინო ან სხვა დახმარების მიღებას შეძლებენ.
"არსებობს ცხელი ხაზი - 143, სადაც შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ,"- განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.
ასევე მან ისაუბრა, რა კონკრეტული დახმარების გაწევა შეუძლია უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.
"ერთი მიმართულება ის არის, რომ ადგილზე პირველადი საჭიროების აღჭურვილობა იქნას მიწოდებული და მეორე, უკვე კონტროლირებად ტერიტორიაზე იმ შესაძლებლობების გაფართოება, როგორიც ახლა არის რუხი. ჩვენ გვექნება მომზადებული სივრცეები, სადაც დავეხმარებით ამ მოსახლეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე ამის შესაძლებლობები არ არის. ეს არის სამწუხარო რეალობა," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.