ალავერდის საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩატარდება.ამის შესახებ ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა განაცხადა. მეუფე დავითის თქმით, მრევლი თვითონ გადაწყვეტს, როგორ მივიდეს ტაძარში, ისე რომ კანონი არ დაარღვიოს.
"ღამისთევა იქნება ალავერდის ტაძარში. მრევლი, რომელიც ვერ შეძლებს მოსვლას, სახლში დარჩება და მეორე დილით, 7 საათზე მივლენ სამრევლო ტაძრებში. აქ ღამისთევა თორმეტის ნახევარზე დაიწყება. მრევლი თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოვიდეს, დაიცავენ კანონს და აღასრულებენ თავის სარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს" - განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.
კითხვაზე, რამდენად ელოდა სამღვდელოება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, მეუფემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს განსაცდელი დაიწყო, მოულოდნელი არაფერია.
"გულთამხილავები არ ვართ, მაგრამ დაწყებული ამ განსაცდელიდან, ყველაფერს ველოდებით,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა
დილიდან ალავერდის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, გარდამოხსნის ლოცვები წაიკითხა.
ტაძარში მსახურების დროს სასულიერო პირები, მონასტრის წევრები და მრევლის მცირე რაოდენობა იმყოფებოდა, მათ შორის დისტანციას სტიქაროსნები არეგულირებდნენ.