ექიმი-ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, ვინაიდან არ არსებობს სპეციფიკური სამკურნალო საშუალება, ყველაზე მნიშვნლოვანი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლისას არის სახლში დარჩენა და სოციალური დისტანციის დაცვა. ამის შესახებ რევაზ მეჭურჭლიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა
"იტალია, გერმანია, ამერიკა ბევრად განვითარებულია ჩვენზე, მათი ჯანდაცვის სისტემა ჩვენსას 10 თავით აღემატება და ის სცენარი, რაც იქ წავიდა, ჩვენთან რომ დაიწყოს, ამისთვის ნამდვილად არ ვართ მზად, როგორც ქვეყანა, ისე ჯანდაცვის სისტემა და გვექნება უამრავი მსხვერპლი," - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.
მისი თქმით, იმისთვის რომ მოვლენები მსგავსად არ განვითარდეს, აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა იქითკენ, რომ შემთხვევების რაოდენობის ზრდა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული.
ექიმი-ინფექციონისტის თქმით, საკმაოდ დიდი რისკს შეიცავს რელიგიურ დღესასწაულებზე ადამიანების თავშეყრა, იმის მიუხედავად, რომ ეკლესიები სოციალური დისტანციის დაცვის პირობას იძლევიან.
"ეს მაინც ძალიან დიდი რისკია და ამ რისკის გაწევა, ამ მომენტში არ ღირს ჩემი აზრით, ვფიქრობ რომ მრევლი არ უნდა მივიდეს ამ აღდგომას ეკლესიაში, შეგვიძლია ეს ერთი წელი ისე გადავატაროთ, სახლში ვილოცოთ, და ეკლესიებში ჩვენთვის ილოცონ სასულიერო პირებმა,"- განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.
მისი თქმით, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანა კორონავირუსი გავრცელების პიკის ფაზაშია
"უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ პიკის ფაზაში ვართ და ეს პიკი რამხელა იქნება დამოკიდებულია იმაზე რა იქნება ხვალ და ზეგ," - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.