თითქმის 24 საათია იმ მესაზღვრეს ეძებენ, რომელმაც იარაღიდან გასროლით საკუთარი მეწყვილე მოკლა. სოფელ ჟაბეში, იქ სადაც ძებნილი ბესიკ ნავერიანი ცხოვრობდა, ამ დროისთვის, პოლიციის მობილიზებაა.
ადგილზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია, პოლიცია იცავს სავარაუდო დამნაშავის სახლს.
არსებული ინფორმაციით, ძებნილსა და გარდაცვლილს ნათელმირონობა აკავშირებთ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ტრაგედიის შემდეგ ნავერიანები დასახლებაში აღარ უნახავთ.
ადგილობრივების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ძებნილის ოჯახის წევრების ადგილსამყოფელი მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რადგან არსებული დაპირისპირება არ გაგრძელდეს, ხოლო მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ ძებნილის ოჯახის წევრებს სოფელი არ დაუტოვებიათ და საკუთარ სახლში იმყოფებიან.
გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში გადაასვენეს.