კოპენჰაგენის უნივერსიტეტის წამლის დიზაინისა და ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა გიორგი გეგელაშვილმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით საქართველოში გაცილებით პოზიტიური სიტუაციაა, ვიდრე დანიაში.
მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ქართველმა ექიმებმა მიაგნეს სწორი მკურნალობის მეთოდს, რომელიც, ვერ იპოვეს, მაგალითად, შვედეთში.
"რაოდენობრივი პარამეტრები საკმაოდ კარგია. არ არის იმდენი ინფიცირებული, რამდენიც დანიაში, მით უმეტეს, რომ საქართველო და დანია შეგვიძლია შევადაროთ მოსახლეობის რაოდენობითაც და ტერიტორიითაც. ცა და დედამიწასავითაა განსხვავება რაოდენობრივ პარამეტრებში.
ამავე დროს, შესაძლებელია, რომ სპეციფიურ ე.წ. ფანჯარას მიაგნეს ჩვენმა ექიმებმა საქართველოში და მიაგნეს სწორი მკურნალობის მეთოდს, რომელიც მაგალითად, ვერ იპოვეს შვედეთში. ასე რომ, მე ვიტყოდი, რაც ხდება ჯერჯერობით, ვუყურებ პოზიტიურად. ყველაფერი რესურსების საკითხია. მთავარია, არ აფეთქდეს და არ გამოილიოს ის რესურსები, რომელიც აქვს საქართველოს როგორც მატერიალური, ისე მატერიალურ-ტექნიკური და, ასევე, ინტელექტუალური,"- განაცხადა გიორგი გეგელაშვილმა.