ზუსტად ექვსი საათია სოფელი ღვანკითი ჩაკეტილია. 705 ოჯახი, დაახლოებით 2,400 ადამიანი იზოლაციაში მას შემდეგ მოექცა, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ამ ზონაში კოვიდინფექცია კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა. ახლა, საერთო ჯამში სოფელში 10 ინფიცირებულია.
სპეციალისტები ახალი შემთხვევების კონტაქტებს სწავლობენ. ტერიტორია მკაცრად კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. მოეწყო ხუთი ბლოკ-საგუშაგო.
ეპიდემიოლოგებმა სოფელ ღვანკითში კონკრეტული ოჯახები ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში შეამოწმეს. ამ შემთხვევაში საუბარია იმ ქალის კონტაქტებზე, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, გუშინ ყველა ადამიანის შემოწმება დაიწყეს და საერთო სურათის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მას შემდეგ მიაწვდიან, რაც ადგილობრივებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.
"პირველი შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა ღვანკითში, ამ შემთხვევის ჩაღრმავებული კვლევის პროცესში გვქონდა შემდგომ კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა. შემდეგ ამას მოჰყვა რამდენიმე საეჭვო შემთხვევების ინდენტიფიკაცია, რომელიც შემდგომ G და M-ზე დაისკრინა და შესაბამისად გამოგვივლინდა კიდევ 8 სავარაუდო შემთხვევა M-ზე დადებითი. ყოველივე ამან და შესაბამისად იმ კონტაქტებმა, რომელიც გამოგვივლინდა ამ პირებთან დაკავშირებით, დაგვაყენა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ უფრო სიღრმისეული შესწავლა განვახორციელოთ ამ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, არ გვყავდეს ფარულად მიმდინარე პაციენტები და დროულად მოხდეს მათი იდენტიფიკაცია.
გუშინ უკვე დაიწყეს პროცესი ეპიდემიოლოგებმა, უკვე იდენტიფიცირებულია სამი შემთხვევა, რომელიც არის ცხელების შემთხვევები ამ ეტაპზე, მაგრამ ესენი რა თქმა უნდა, შემდგომ საჭიროებენ ლაბორატორიულ კვლევებს," - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
თერჯოლაში კორონავირუსის გავრცელების კერა ჯერ კიდევ მარტში გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრი ჩავიდა ხარაგაულში და ინფექცია გადასდო ერთ-ერთი ლომბარდის თანამშრომელს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, აპრილის დასაწყისში კორონავირუსი დაუდასტურდა შუახნის ქალს, საუბარია სოფელ ღვანკითში მცხოვრებზე. თუმცა ეპიდემიოლოგები მაშინვე ამბობდნენ, რომ იყო დაუდგენელი გზა, როგორ გადაედო ქალს კორონავირუსი. შემთხვევიდან გავიდა რამდნიმე კვირა და სწორედ დღეს მიიღეს ამ კონკრეტული სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება.