ჩაკეტილ ღვანკითში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელში COVID-19 კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდა და სულ ამ დროისთვის ინფექცია 12 პირს აღენიშნება. რამდენიმე საათში უკვე დასრულდება 2,500-მდე ადამიანის შემოწმება, რაც ეპიდემიოლოგებს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვრონ რა საფრთხეებია სოფელში.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის განმარტებით, კლინიკაში კოვიდინფექციით 2 პაციენტს ელოდებიან.
ექიმის თქმით, დღეს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარს 3 პაციენტი დატოვებს.
"კატასტროფიდან ზარი იყო. ორი მოჰყავთ სეროლოგიით დადასტურებული ღვანკითიდან, ერთი მამაკაცი, ერთი ქალი. მდგომარეობა, როგორც ვიცი გადმოცემით, დამაკმაყოფილებელია.
24 პაციენტი არის სტაციონარში დადგენილი კოვიდინფექციით. ორი პაციენტი იყო, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა და არ დადასტურდა და დატოვებენ ესენი სტაციონარს დღეს. ამ 24-დანაც 3 პაციენტი ტოვებს დღეს სტაციონარს," - განაცხადა თემურ ნადირაძემ.