ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით რატომ ამბობს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, ცხოვრება განსაცდელია და მას ხან ვხედავთ, ხან - ვერა.
"განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, პრემიერი რატომ ამბობს თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა.
თქვეს თბილისში ავად გახდაო, მაგრამ საინტერესოა, რისგან გახდა ავად? თუ ტაძარში, მაშინ ტაძარში გავრცელდებოდა. ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია. ე.ი. გარედან მიიღო ეს, მაგრამ ვერ გადასცა ვერავის, არც იფიქრა მან, რომ გადაეცა. არ გავრცელდა, უფალმა დაიცვა ყველანი,"-განაცხადა მეუფემ.
კითხვაზე, ტაძარში მრევლი დაცულია თუ არა, მეუფე იოანემ აღნიშნა, რომ ეს ინტრიგნული შეკითხვაა.
"ინტრიგნული კითხვები იცით ცოტა, აბსოლუტური ამ ქვეყანაზე მარტო ღმერთია, დაცული არავინ არის. საუკუნეების მანძილზე არაერთი ჭირი ყოფილა, ევროპაში და საქართველოშიც და ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა იყო დაცული. კი, რაღაც ეტაპამდე გიცავს, მაგრამ სიამაყეში რომ არ ჩავარდე, შენ შეიძლება ავად გახდე. თავდამბლობისთვის შეიძლება მოხდეს. ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ იმის შიშით, რომ რაიმე არ დამემართოს, აი, მაშინ დაგემართება. შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით ძლიერდება, გაძლიერდით სიხარულით," - განაცხადა მეუფემ.
შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ინფიცირების თავიდან აცილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დისტანცირებაა. კითხვაზე - არის თუ არა რისკის შემცველი ერთი კოვზით ზიარება, გიორგი გახარიამ მოკლე პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ საერთო კოვზიც დიდი რისკის შემცველია.