18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ქვემო ქართლში სრულად ჩაკეტვის საფრთხე უკვე მესამე მუნიციპალიტეტს ემუქრება - თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა, მოსახლეობას დღეიდან სპეციალურ ზონაში გამკაცრებული პირობების ქვეშ გარკვეული პერიოდი მოუწევს ცხოვრება. ტერიტორიაზე 3 საპოლიციო პუნქტი მოეწყო. ქალაქში შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება. 

განსაკუთებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ეპიდემიოლოგებმა ადგილობრივი კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს და ფართო აღმოჩნდა იმ პირთა წრეც, ვისთანაც მედიკოსს რეგიონში პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჰქონდა. მუნიციპალიტეტში პრევენციული, საჭირო ზომები უკვე მიღებულია. 

კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოშიც, შეწყდა პაციენტების მიღება. სამედიცინო დაწესებულებიდან მედპერსონალის 31 წარმომადგენლის მონაცემები ლუგარის ცენტრშია გაგზავნილი. კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. კლინიკის დირექტორი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ 24 საათში სამედიცინო დაწესებულება პაციენტების მიღებას სავარაუდოდ ისევ შეძლებს. 

41 წლის ქალის ახლო წრე უკვე მოძიებულია. დღეს კორონავირუსი 20 პირს დაუდგინდა. მათი უმრავლესობა თეთრიწყაროს კლინიკის მედპერსონალია. ინფიცირებული პაციენტის პირდაპირი თუ ირიბი კავშირების დადგენა ამ დრომდე ისევ გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებამდე მედპერსონალი რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა, მათ შორის კლინიკასთან ახლომდებარე მაღაზიაშიც. 

თეთრიწყაროს ექიმების ე.წ. კლასტერიდან შუახნის მედიკოსი გუშინ საკუთარი სახლიდან თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გადაიყვანეს. მას COVID-19 დღეს დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

თავად 41 წლის მედიკოსი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას კორონავირუსი 25 აპრილს დაუდასტურდა და მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალიდან" თბილისში გუშინ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს.

რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება ადგილზე.

დღის ამბები