ყინწვისში, სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინციდენტზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლით მუხლით აღძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს, დღეს ადგილობრივები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
"კურიერი" შემთხვევის ადგილზე ჩავიდა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა და ასევე, იმყოფებოდა მიმდებარე სოფლებშიც, სადაც გაესაუბრა ადამიანებს, ვისთანაც პოლიციას საქმესთან დაკავშირებით უშუალოდ ჰქონდა კომუნიკაცია.
გავრცელებული ვერსიით, დაპირისპირება მამა დავით აქიაშვილსა და მამა საბას შორის ყინწვისის მონასტერში დაიწყო, შემდეგ კი მამა დავით აქიაშვილმა გაისროლა.
ერთ-ერთი ვერსიით კი, დაპირისპირების დროს ყინწვისის მონასტერში იმყოფებოდა რუის -ურბნისის მეუფე იობი და სწორედ ის ჩაერია ამ დაპირისპირებაში.
"კურიერი" შეეცადა, მეუფე იობს დაკავშირებოდა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.
დაპირისპირების ოფიციალური მოტივი, ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.
საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ისინი დაუკავშირდნენ რუის-ურბნისის ეპარქიას, თუმცა შეიარაღებულ თავდასხმაზე ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
"გვაქვს ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია. ეპარქიიდან ვერ მივიღეთ დადასტურება მომხდარის შესახებ, თუმცა მეორეს მხრივ ვიცით, რომ მიმდინარეობს ძიება და გამოკითხვები. დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ ეპარქიას," - აცხადებენ საპატრიარქოში.