19 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
თელავის ცენტრალური ბაზარი ისევ დაიკეტა - მოვაჭრეთა ნაწილმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ თელავის ცენტრალური ბაზარი დაიკეტა. მიზეზი მუშაობის თვითნებურად განახლება და ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ დადგენილი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გახდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა და მუშაობა შეაჩერებინა.

ეს გადაწყვეტილება პროტესტის მიზეზი გახდა მოვაჭრეებისთვის. მათი თქმით, გასაყიდი პროდუქტი მომარაგებული აქვთ და თუ ვერ გაყიდიან, დიდი ზარალი ექნებათ.

"ამდენი ხორცი, ბოსტნეული და ხილი მოვიმარაგეთ, ვიცოდით, დღეიდან მუშაობა შეგვეძლო. 2000 ლარის ხორცი მაქვს მაცივარში, სად წავიღო?! ვინ ამინაზღაურებს?! ისედაც მშიერია ხალხი. ვინ გაგვცემს პასუხს?! არც ვიცით, როდემდე დაიკეტა. ვიცავდით წესებს და რეკომენდაციებს. დაგვცინიან ხალხს," - აცხადებენ მოვაჭრეები.

თავისი არგუმენტები აქვს ბაზრის ადმინისტრაციას და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელია და ისინი ყველა წესს იცავდნენ.

"რამდენიმე მოვაჭრეს პირბადე ნახევრად ეკეთა, ერთ მოვაჭრეს ხელთათმანი დაავიწყდა გაეკეთებინა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 000 ლარიანი ჯარიმა დაგვიწერა. ვიცავდით წესებს, უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და იყო დაცული ყველა წესი,"- აცხადებენ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში. 

თელავის მერი კი განმარტავს, რომ მოვაჭრეებს დღის ბოლომდე ექნებათ საშუალება პროდუქციის გაყიდვის, რის შემდეგაც ბაზარი დაიკეტება, თუმცა როდემდე, შოთა ნარეკლიშვილი ვერ აკონკრეტებს.

დღის ამბები