19 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
როდიდან დაიწყებს სახელმწიფო დახმარებების გაცემას - მინისტრის მოადგილის განმარტება

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, სოციალურად დაუცველთა ოჯახების ის ნაწილი მიიღებს სოციალურ დახმარებას, რომლებსაც 65 000 ან ნაკლები ქულა გააჩნიათ. 

სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომელთა ქულაც 65 ათასიდან 100 ათასამდეა, თითოეულ ოჯახის წევრზე, 6 თვის განმავლობაში 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

თამილა ბარკალაიას თქმით, თვითდასაქმებულთათვის, სოციალური დახმარების პაკეტი დაახლოებით 20 მაისისთვის ამოქმედდება. 

"სოციალურად დაუცველთა ბაზებში, როგორც მოგეხსენებათ არის ქულათა სისტემა, რომელიც ოჯახის მოწყვლადობას განსაზღვრავს. ამ ეტაპზე სტანდარტული მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა ხდება იმ ოჯახებზე, რომლებსაც 65 000 ქულა და ნაკლები აქვთ. 

შესაბამისად, ამ მოკლევადიანი პაკეტის დახმარების ფარგლებში 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე რანჟირების ოჯახებისთვის არის დახმარება 100 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ეს არის ის ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვის დანამატს, ბენეფიტს იღებენ და მიიღებენ დამატებით თითოეულ ოჯახის წევრზე დანამატს 6 თვის განმავლობაში. 

ასევე ის ოჯახები, რომლებსაც ჰყავს 3 შვილი და მეტი და მათი ქულა არის 100 ათასი და ნაკლები, ისინიც დამატებით მიიღებენ 100 ლარს 6 თვის განმავლობაში სტანდარტულ სოციალურ პაკეტთან ერთად.

გარდა ამისა, მძიმე და ღრმა შეზღუდვის პირებსა და შშმ ბავშვებს 6 თვის განმავლობაში 100 ლარი დაერიცხებათ.

შესაბამისად ეს პაკეტები ახლა მომზადების პროცესში არის და ჩვენ გაცილებით უფრო სწრაფად დავიწყებთ ამ დახმარების პაკეტების გაცემას. ეს არის მაისის მე-2 კვირის ბოლო.

ხოლო რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, იმიტომ, რომ მათი ამ სიების დამუშავება საკმაოდ შრომატევადი არის, რადგანაც ძალიან რთული არის დაიდენტიფიცირება იმ საბუთებისა, რამდენად ვალიდური არის ის საბუთები, რაც წარმოდგენილია თვითდასაქმებულების მიერ და ასევე, საკმარისი დრო მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ წარადგინონ ეს საბუთები, აქედან გამომდინარე დაახლოებით 20 მაისისთვის, მაისის ბოლოს მოხდება გადარიცხვები თვითდასაქმებულებისთვის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა საფრთხისშემცველი კომპანიებისთვის იმ თანამშრომლების დასახელება, რომლებიც ოფიციალურად არ არიან დასაქმებულები, თამილა ბარკალაია ამბობს, რომ შიში უსაფუძვლოა : 

"ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გაიაზროს ბიზნესმა და შესაბამისად, ბიზნესის თითოეული წარმომადგენლის პასუხისმგებლობაა, სწორად მოაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს და ჩვენ მოვახდინოთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდნენ," - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

დღის ამბები