დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს ნელ-ნელა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე დაბრუნდება ქუჩებში, თუმცა საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას მთავრობისა და ჯანდაცვის რეკომენდაციები.
ამირან გამყრელიძის თქმით საზოგადოებამ უნდა ისწავლოს კორონავირუსთან ერთად ისე ცხოვრება, რომ მან ნაკლები ზიანი მოუტანოს ადამიანებს.
"შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ნელ-ნელა. დღეს უკვე დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს კორონავირუსის ინფექცია ჩვენ უკვე დავამარცხეთ საქართველოში და აწი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში უნდა დაბრუნდეს. არა ბატონებო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ისე, რომ ამან მოგვიტანოს მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ინტერვალებით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა 6 ეტაპია სულ. ორ-ორკვირიანი ინტერვალებით. ერთ-ერთი ეტაპი აუცილებლად იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბრუნება. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც შემსუბუქებებზე გადავიდა. სანამ იქამდე მივალთ კარგად უნდა მოვემზადოთ და ყველა რეკომენდაცია აუცილებლად ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.