ე.წ დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეების ნაწილის უკმაყოფილება იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, თუმცა ნაწილობრივ საბითუმო ვაჭრობა დაშვებულია- საცალო გაყიდვები კი ისევ აკრძალულია.
მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. ისინი მზად არიან რეკომენდაციები დაიცვან, რომ მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.
ე.წ დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ჯერ მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაა დაშვებული დილიდან ხალხმრავლობა იყო. პერიმეტრს იცავდა პოლიცია, ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელ მანქანებს და საჭირო ტექნიკას კი დეზინფექცია უტარდებოდა. მოვაჭრეების ნაწილი, ამბობს, რომ უსაფთხოებას როგორც ადმინისტრაცია ასევე თვითონაც მაქსიმალურად იცავენ.
სულ რამდენიმე საათით გაიხსნა თელავის ცენტრალური ბაზარი, თუმცა იმის, გამო, რომ მოვაჭრეებმა მუშაობა თვითნებურად განაახლეს და რეკომენდაციები არ დაიცვეს ბაზარი მალევე დაიკეტა, რაც მოვაჭრეების პროტესტის მიზეზი გახდა. მოვაჭრეების თმით, თუ დროულად არ დაიწყებენ მუშაობას პროდუქცია გაუფუჭდებათ და ზარალი უფრო მეტი იქნება.
სურსათის უვნებლობის და ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ განაახლა მუშაობა დღეს ოზურგეთის აგრარულმა ბაზარმა. მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. ბაზრის ადმინისტრაციაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ როდის მიეცემათ მოვაჭრეებს მუშაობის გაგრძელების უფლება.
თელავისა და ოზურგეთის აგრარული ბაზრებისგან განსხვავებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ ქუთაისის ბაზარში დასაქმებულები. ვიდრე ტერიტორიაზე მომხმარებელი შევა, მან შემოწმება და დეზინფექცია უნდა ჩაიტაროს, ამის შემდეგ კი სასურველი პროდუქცია დისტანციის დაცვით უნდა შეიძინოს.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს ფოთის ბაზარში მომხმარებლები თერმოსკრინინგთან ერთად იტარებენ ყველა საჭირო სადეზინფექციო პროცედურებს, თანხის მიღება კი ნებადართული მხოლოდ მას შემდეგ არის, რაც ის თერმულად დამუშავდება.
ქვეყნის მასშტაბით სულ 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული, თუმცა იმის, გამო, რომ მათი უმეტესობა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ იცავს მუშაობა ისევ აკრძალული აქვთ.
აგრარული ბაზრების ნაწილი 2 კვირაზე მეტის ხნის განმავლობაში იყო დახურული, ნაწილმა მუშაობა დღეს განაახლა ნაწილი კი მას შემდეგ გაიხსნება, რაც ბაზრების ადმინისტრაციების მხრიდან მთავრობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარანტიებს მიიღებს.