საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებულ სპორტულ ჟურნალისტს თენგიზ გაჩეჩილაძეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტის დარგში სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა, ინფორმაცია სამინისტროს "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა.
თენგიზ გაჩეჩილაძე 1958 წლიდან ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. 30 წლის მანძილზე იყო სპორტული გაზეთის - "ლელოს“ მთავარი რედაქტორი, არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკო ნიკოლაძისა და მიხეილ კაკაბაძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და სეოკის (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) მედლის კავალერი, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი, არაერთი წიგნისა და გამოცემის ავტორი.
თენგიზ გაჩეჩილაძე ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც აკრედიტირებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 14 ოლიმპიურ თამაშებზე, რაც უნიკალური და სარეკორდო მაჩვენებელია.
გაჩეჩილაძე 1994 წელს ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს პირველი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იყო.