08 სექტემბერი 2026,   13:36
ვრცლად
ბოლნისის სოფელ მუშევანში პოლიციაა მობილიზებული - ადგილზე ამ დრომდე დაძაბული მდგომარეობაა

სოფელ მუშევანში პოლიციაა მობილიზებული, მდგომარეობა ადგილზე ამ დრომდე დაძაბულია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ისეთ ადამიანებთან, ვინც მოსახლეობას კიდევ ერთხელ აუხსნის ვირუსის საფრთხის შესახებ. რომლის შემდეგაც, მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტები კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 

"ჯერჯერობით არავინ გადაყვანილა კლინიკაში. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ექიმები მივიდნენ ერთ-ერთ ოჯახში, რათა მათი ტრანსპორტირება განეხორციელებინათ. იქ მივიდა ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ემოციები ვერ მოთოკეს და ეს დაპირისპირება გადაიზარდა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ძალის გამოყენებაში ძირითადად ავტომობილების მიმართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაზიანება მერიის წარმომადგენელის ავტომობილს მიადგა და სასწრაფო დახმარების მანქანას. 

ამ ინციდენტის შემდეგ, სოფელში პოლიცია და სასწრაფო აღარ შესულა პაციენტების გადასაყვანად. ამ ეტაპზე სოფელში მუშაობა მიდის პირველ რიგში ავტორიტეტულ ადამიანებთან, რომლებსაც სიტყვა ეთქმით იქ და რომლებმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა აუხსნან, თუ რა რისკებს შეიცავს ეს ვირუსი. ამის მიზანი ის არის, რომ ინფიცირებული ადამიანების გადაყვანა განხორციელდეს საავადმყოფოში,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი.

ბოლნისში მოსახლეობა ექიმებს, პოლიციელებს და მერიის წარმომადგენელს დაუპირისპირდა. მედიკოსები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად, გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.

მუშევანში ამ დროისათვის, კორონავირუსი პირველადი ტესტირებით 10 ადამიანს აქვს დადასტურებული და ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.

დღის ამბები