უკვე მესამე დღეა თუშეთის გზაზე ჩამოწოლილ ზვავში 62 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს ხელს ცუდი ამინდი და რთული რელიეფი უშლის. ცუდმა ამინდმა შესაძლოა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნაც შეაფერხოს. გზაზე ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ადგილზე აქტიურად მუშაობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან ჩასული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
როგორც სოფლის რწმუნებულმა ვალერი აბრამიშვილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება სამაშველო ოპერაციის სრულფასოვნად განხორციელება.
"ღამის საათებში შეწყდა სამძებრო სამუშაოები კლიმატური პირობების გამო. დილიდან განახლდა. ეს ორი დღეა საკმაოდ უხვად მოვიდა ნალექი და გართულებულია სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ცდილობენ მიაღწიონ გარკვეულ შედეგს, რომ იპოვონ აღნიშნული პიროვნება," - განაცხადა ვალერი აბრამიშვილმა.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა და ზვავში მოყოლილი ადამიანი გარკვეული დროის მერე, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ უპოვიათ.
რაც შეეხება კიდევ ერთი მოქალაქეს, რომელიც ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავდა და თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი, თელავის საავადმყოფოს ექიმის მარიამ მრელაშვილის ინფორმაციით, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა და უკვე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, აღნიშნული პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.