10 სექტემბერი 2026,   03:39
ვრცლად
"ანას ბაღის" დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ

დღეს "ანას ბაღის" დამცველები სასამართლოს მიმართავენ. ისინი ითხოვენ, რომ არ განახლდეს ვარკეთილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

"პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და ვითხოვთ უკანონო მშენებლობის შეჩერებას. თუ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არ მოხდა, ჩვენ წარდგენილი გვაქვს საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ მშენებლობა დაუყოვნებლივ შეჩერდეს.

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა შეჩერების განჩინება და ისევ დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს. ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ სასამართლოზე იყო სერიოზული ზეწოლა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენს საწინააღმდეგოდ მიეღო," - აღნიშნა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

რამდენიმე კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ანას ბაღის" აქტივისტების შუამდგომლობის საფუძველზე დავის დასრულებამდე მშენებლობა შეაჩერა, თუმცა სამშენებლო კომპანიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შუამდგომლობა კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

“ანას ბაღის” აქტივისტები ამტკიცებენ, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდა და მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში საქმის სტრასბურგში წასაღებად და საგანგებო სიტუაციის გაუქმების შემდეგ აქციებისთვის ემზადებიან.  

დღის ამბები