ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანისთვის 10 სამგზავრო ავტობუსს ყიდულობს. ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.
მოსახლეობა და დამსვენებლები ახალი ტრანსპორტით სარგებლობას შემოდგომიდან შეძლებენ.
დაგეგმილია თოვლის საწმენდი, ტრასების მოსაწესრიგებელი, ნარჩენების მართვის და საცობების განმუხტვისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.
ტენდერი დასრულებულია და მიმდინარეობს შეფასების პროცედურები.
"ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხდება ბაკურიანისათვის ავტობუსების შეძენა და ზოგადად, ტექნიკის შეძენა. უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ შემდგომი ეტაპი გაფორმდება, რომლითაც ასევე მოწოდებული იქნება სპეციალური ტექნიკა ბაკურიანისათვის, რათა მზად ვიყოთ კურორტის სეზონისათვის," - აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის ირაკლი ჭირაქაძის განცხადებით, აღნიშნული მნიშვნელოვანია ბაკურიანისათვის, რადგან სერიოზულად იდგა ეს პრობლემა.