საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში იმ პირების პროცესი იწყება, რომლებიც პროკურატურამ ნავთობპროდუქტების ყალბი საგადასახადო აქტივებით განბაჟების საქმეზე დააკავა. დღეს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა ამ პირებს სასამართლო წინასწარ პატიმრობაში.
გამოძიების ინფორმაციით, მეწარმეები გარიგებაში იყვნენ შესულები გარკვეულ პირებთან, ჯგუფურად დამზადდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომლითაც მათ ქვეყანაში ნავთობპროდუქტები შემოიტანეს და შემდეგ ყალბი საგადასახადო აქტივებით განაბაჟეს. პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფოს ზარალი 3 მილიონ ნახევარი ლარია. საქმეზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში ნახევარ საათში დაიწყება. დღეს გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა სასამართლო ამ პირებს წინასწარ პატიმრობაში.
რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 4 პირი. ესენი შპს "ბათპეტროლის“ ხელმძღვანელი ანრი გოგიტიძე და გიორგი ხვიჩია არიან, "ბიბირითელ ჯორჯიას" მესაკუთრე ჯაბა თარიმანიშვილი და შპს "ჯეო სტანდარტის” დამფუძნებელი კახა ჭყონია. ყველა მათგანი ნავთობპროდუქტის რეალიზაციის კომპანიის ხელმძღვანელია. გამოძიება მათ სისხლის სამართლის 2 მუხლს ედავება.
საქმის მასალების მიხედვით, სქემაში ოთხივე კომპანია ჯგუფურად მონაწილეობდა და გამოძიების ვერსიით, ისინი ერთ-ერთ მეწარმეს დაუკავშირდნენ, რომელსაც რამდენიმე მილიონიანი ღირებულების ყალბი საგადასახადო აქტივი გააჩნდა და წინასწარ შეთანხმებულმა ჯგუფმა, საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები ყალბი საგადასახადო აქტივით განაბაჟა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 3 მილიონ ნახევარზე მეტი ზარალი მიადგა.
დაცვის მხარის განცხადებით, დაკავებული პირები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან,
"210-ე მუხლია ეს და 185-ე.შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, საქმე არის 24 ტომი, ჯერ გასაცნობია მასალები, ამიტომ ჯერ დაკითხულები არ არიან საქმესთან დაკავშირებით. ბრალს არ აღიარებენ.
კომპანია არის ვთქვათ "ა“ კომპანია სიტყვაზე, კომპანიამ მიყიდა "ბ“ კომპანიას, "ბ“ კომპანიამ მიჰყიდა "ც“ კომპანიას და ეს ქსელი ხომ წავიდა ეკონომიკური ურთიერთობის, ჩვეულებრივი საქმიანობის, ბიზნეს საქმიანობის ქსელი, ერთმანეთისგან ყიდულობდნენ საწვავს. აქ ლაპარაკია, ვის რამდენი ეკუთვნოდა დამატებითი ღირებულების გადასახადი, ვის რამდენი ჩაეთვალა, ამას საგადასახადო კოდექსი განმარტავს და ასე დაითვალეს და ბიუჯეტს ზიანი მიადგაო.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საწვავის ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული,“ - აცხადებს ადვოკატი მარინა კორძაძე.
"კურიერი" დღეს იმ მისამართებზე იმყოფებოდა, რომლებზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს კონკრეტული კომპანიები ფუნქციონირებდა. ნაწილი მათგანი რეგისტრირებულია ოფიციალური მონაცემების მიხედვით თბილისში, ნაწილი კი აჭარაში, თუმცა ადგილზე მისულ ჯგუფს კომპანიის წარმომადგენლები არ დახვდნენ. თბილისში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი ბინა მდებარეობს. რაც შეეხება აჭარას, კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.