ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს განაგრძობენ. მთავარი თემა კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებია. დღეს შეხვედრა დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებთან გაიმართა.
ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, განხილვის საგანი ის რეკომენდაციები და სტანდარტები იყო, რომლებიც სავაჭრო ცენტრებმა გახსნისთვის უნდა შეასრულონ.
"განხილვის საგანი იყო ის სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და რომლებიც უნდა შეასრულონ სავაჭრო ცენტრებმა იმისათვის, რომ გაიხსნან და მოხდეს მათი სწორად ოპერირება, ცხადია ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის ჭრილში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებით საკითხებზე აბსოლუტურად შეთანხმებულები ვართ. შევთანხმდით ასევე იმ ვადებზე, რომელ ვადებშიც უნდა განხორციელდეს ამ სტანდარტების დაცვა," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აღნიშნავს, რომ უმეტეს საკითხებზე შეთანხმება უკვე მოხდა და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხები დარჩა გადასაჭრელი.
"უმეტეს საკითხებზე მოხდა შეჯერება. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხები დაგვრჩა გადასაჭრელი, რომელზეც უკვე ველოდებით თვითონ მოლების წარმომადგენლებისგან მზაობას," – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
"გალერეა თბილისის" დირექტორის ნიკოლოზ ცინცაძის თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ შემოთავაზებული ყველა რეგულაცია აბსოლუტურად მისაღებია.
"ეს რეგულაციები, რაც შემოგვთავაზეს ეპიდემიოლოგებმა ჩვენთვის სრულად მისაღებია. თითქმის დიდი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია და დანარჩენს უახლოეს დღეებში დავაკმაყოფილებთ," - განაცხადა ნიკოლოზ ცინცაძემ.