19 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
ნავთობპროდუქტების ყალბი საგადასახადო აქტივებით განბაჟების საქმეზე ოთხივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოში იმ პირებს, რომლებიც პროკურატურამ ნავთობპროდუქტების ყალბი საგადასახადო აქტივებით განბაჟების საქმეზე დააკავა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი საგადასახადო აქტივის მქონე მეწარმეების დახმარებით, ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, იმპორტირებული ნავთობპროდუქტები ყალბი საგადასახადო აქტივით განაბაჟეს.

ოთხივე დაკავებულს გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ოთხივე დაკავებულს გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენებას ედავება. გამოძიების ვერსიით, დაკავებული ბიზნესმენები ერთ-ერთ მეწარმეს დაუკავშირდნენ. ეს მეწარმე კი დღეს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, არის ლაურა ღაჭავა, რომელიც კომპანია "ელ-ჯი გრუპს" ფლობდა. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ლაურა ღაჭავას კომპანიას რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო აქტივები გააჩნდა და სწორედ მან, დაკავებულებთან შეთანხმებით, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების განბაჟება ყალბი აქტივებით მოახდინა.

ასევე პროკურორის განცხადებით, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე არის სწორედ ლაურა ღაჭავა. "კურიერი" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა, თუმცა მისი თქმით, საქმე არ ახსოვს და არც ის ახსოვს, მისცა თუ არა გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება. როგორც "კურიერთან" ლაურა ღაჭავამ აღნიშნა, გაერკვევა და საკითხთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

"მათი ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: შპს "სამკურნალო კომბინატის", შემდგომში "ელ-ჯი გრუპის" ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა და ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ლაურა ღაჭავამ კომპანიის მიერ წარდგენილი დღგ-ს საშემოსავლოსა  და სოციალური გადასახადის 2005 წლის, დეკლარაციების 2012 წლის 12 და 13 დეკემბერს დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციები მანიპულირების გზით, საზოგადოებას შეუქმნა რამდენიმე მილიონიანი ყალბი აქტი. შპს "ელ-ჯი გრუპის" ყალბი აქტივის საბაჟო ოპერაციებში გამოყენების მიზნით ლაურა ღაჭავა შეუთანხმდა ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე არაერთ კომპანიას, მათ შორის შპს "ბატპეტროლის", შპს "ჯეო სტანდარტის" და შპს "ბიბირიფეილ ჯორჯიას" წარმომადგენლებს ანრი გოგიტიძეს, გიორგი ხვიჩიას, კახა ჭყონიას და ჯაბა თარიმანაშვილს.

ლაურა ღაჭავასთან შეთანხმებით დაამზადეს 2018 წლის 22 სექტემბრის, ამავე წლის 25 სექტემბრის, ამავე წლის 29 დეკემბრის ყალბი ინვოისები, რომელთა თანახმადაც შპს "ბათპეტროლმა" საბაჟო საწყობის რეჟიმში შპს "ელ-ჯი გრუპს" ფორმალურად მიაწოდა    690 321 ლარის ღირებულების 412 406 კილოგრამი განუბაჟებელი ნავთობპროდუქტი," - განაცხადა საქმის პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ კომპანია "ელ-ჯი გრუპს" უნდა დაეკისროს. ასევე დაცვის მხარის პოზიციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

"ელ-ჯი გრუპმა" ყალბი აქტივი გამოიყენა და განაბაჟა, შესაბამისად მას უნდა მოეთხოვოს პასუხი. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. ის ან გაყიდდა, ან იყიდდა. ვიღაცასთან ხომ ექნებოდა კავშირი მას?! აბა ასე მარტო განაბაჟებდა და თავისთვის ხომ არ შეინახავდა საწვავს. უნდა გაეყიდა და იმ გაყიდვაში ჩვენ მოვხვდით. ჩვენ ვიყიდეთ იმიტომ, რომ ბიზნესინტერესი იყო. შესაბამისად, ჩვენ რა ზიანი მივაყენეთ, კონკრეტულად ამ სამმა კომპანიამ ბიუჯეტს, ეს ბრალდებაში არსად არ ჩანს.

მთლიანი თანხა 3 558 799 ლარის, სადაც "ელ-ჯი გრუპის“ მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ზიანია მთლიანად, თორემ ჩვენ კუთვნილი გადასახადები გვაქვს გადახდილი ყველა ეტაპზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დროს. ფაქტობრივი გარემოებები დანაშაულის შემადგენლობით არ არსებობს," – განაცხადა ადვოკატმა მარინა კორძაძემ.

პროკურატურის განცხადებით, ყალბი საგადასახადო აქტივების გამოყენებით  სახელმწიფოს 3 558 799 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

დღის ამბები