18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
დანაშაული მაღაროს ტერიტორიაზე - 29 წლის მამაკაცმა ჯერ ცვლის უფროსი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის უფროსს დაესხა თავს

სისხლიანი დაპირისპირება "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებს შორის მაღაროს ტერიტორიაზე დაიწყო. 29 წლის მამაკაცმა მის ხელმძღვანელს 4 ჭრილობა დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე ჭრილობებით დაშავებული ჭიათურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. რა გახდა დაპირისპირების მოტივი, თვითმხილველებს საუბარი არ სურთ.

მუშასა და ცვლის უფროსს შორის დაპირისპირების მოტივად სოციალურ პრობლემებს ასახელებს მუშათა პროფკავშირის ხელმძღვანელი. მისი ინფორმაციით, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სამსახურის გამო რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, თანამშრომლის დაჭრის შემდეგ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა და საჩხერის პოლიციაში თავად გამოცხადდა. რა მოხდა შენობაში უცნობია, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, 29 წლის მამაკაცი საჩხერის პოლიციის უფროსს საკუთარ კაბინეტში თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. მომხდარის დეტალები არ იციან დაკავებულის მშობლებმა.

დაკავებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დაჭრილი მაღაროს მუშა კი, ამ დრომდე მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი აღკეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები