14 სექტემბერი 2026,   19:52
ვრცლად
დღეს დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან, 1 ბოლნისის წყაროს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 7 საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილი პაციენტები არიან.

მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 2 კლინიკურად მძიმე დადასტურებული სურათია. მათ კვლევები დღეს ჩაუტარდებათ და საბოლოო მონაცემები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, საავადმყოფოს ამჟამად ჰყავს 36 დადასტურებული და 3 შესაძლო შემთხვევა. კლინიკაში გუშინ შესული 11 შემთხვევიდან 8 ბოლნისის სოფელ მუშევანიდან გადაყვანილი პაციენტია, ხოლო 3 საკარანტინო სივრციდან, აქედან 2-ს მოგზაურობის ისტორია გააჩნია.

"ამ ეტაპზე COVID სტაციონარებში მკურნალობს 224 პაციენტი. კვლავაც გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა აჭარბებს სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს 249 შემთხვევით.
ეს ახალი 8 დადასტურებული შემთხვევებიდან 1 არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი 7 არის საკარანტინო ზონიდან, იქ ჩატარებული ტესტირების შედეგად დადასტურებულები.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, გუშინ ჩვენთან შემოვიდა 11 დადასტურებული შემთხვევა. ნუ გაგიკვირდებათ, წინა დღეების დადასტურებული შემთხვევების გადმოყვანა მოხდა ჩვენთან. 11 შემთხვევიდან, 8 შემთხვევა არის ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანიდან. დანარჩენი 3 შემთხვევა საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი.

ამ ეტაპზე ახლა გვყავს 36 დადასტურებული ჩვენს კლინიკაში და 3 შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევაც ახლა ტარდება. ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური ისტორია არ აქვთ, მაგრამ ვინაიდან არის ცხელება და ფილტვის ანთების, პნევმონიის ნიშნები, ასეთი პაციენტები განიხილებიან მიუხედავად ეპიდემიოლოგიური კონტაქტებისა, საეჭვო პირებად. 

8 ახალი შემთხვევიდან 2 არის კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. დღეს კვლევები ჩატარდება, შეფასდება ეს ყველაფერი და საბოლოო მონაცემებს შემდგომში ვიტყვით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია, არის მაღალი ასაკის პირებიც და საშუალოსიც," - განმარტა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები