ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფს გირაო შეეფარდა.
ადვოკატი არ ასახელებს გირაოს კონკრეტულ თანხას არ ასახელებს. ადვოკატის თქმითვე, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
"მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარი გახლავთ ის, რომ მას შეეფარდა გირაო. დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.