06 სექტემბერი 2026,   22:45
ვრცლად
ადიდებული მდინარიდან გამოყვანილი ორსული ქალი და ბავშვები, დაკარგული ადამიანის საათობით ძებნა და მღელვარე ზღვაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციები - მაშველები, ჩვენი დროის გმირები

მღელვარე ზღვა, მოულოდნელად ადიდებული მდინარე, რთულად მისადგომი ხეობა - ასეთ დროს დახმარების მოლოდინში მყოფ ადამიანს მხოლოდ ერთი იმედი რჩება - მაშველი, რომელიც მისკენ მიდის.

მაგრამ რას ნიშნავს სხვის გადასარჩენად თავად შეხვიდე იქ, საიდანაც ყველა გამოსვლას ცდილობს? ამ ზაფხულს ასეთი გადაწყვეტილების მიღება მაშველებს არაერთხელ მოუხდათ. იყო ოპერაციები, როცა თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და შემთხვევები, რომელთა ბედნიერ დასასრულსაც უამრავი ადამიანი საათობით ელოდა.

ზოგიერთი ისტორიის გმირმა საკუთარი სიცოცხლით სრულიად უცხო ადამიანების გადასარჩენად გარისკა, ზოგისთვის კი ეს ყოველდღიური სამსახურია - პროფესია, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.

როდესაც სიცოცხლისთვის იბრძვი... გადარჩენას ცდილობ, წამმზომი ჩართულია.... ეს ადამიანები სწორედ იქ ჩნდებიან, სადაც საფთხეა.

წელს ზაფხული სტიქიური იყო. ადიდებული მდინარეებით, მღელვარე ზღვით გამორჩეული... მაშველებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს.

ზაფხულის ერთი ჩვეულებრივ დღეს, სქურის ხეობის დამსვენებლებმა მდინარე ჭანისწყლიდან ქალის და ბავშვების განწირული ხმა გაიგეს - ისინი შველას ითხოვდნენ. ორსული ქალი 2 პატარა გოგონასთან, შვილთან და დისშვილთან ერთად უეცრად ადიდებული მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. თანმხლები მამაკაცები მრისხანე წყალმა მათთან არ მიუშვა. მათი დახმარება ამბის შემსწრე კაცმა გადაწყვიტა.

ქალისა და პატარა გოგონების საშველად მდინარეში შესული კაცი წყალმა ხრამისკენ გაიტაცა.

მაშველები გამოჩნდნენ. ქალი და ბავშვები მდინარიდან უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.

მთელი ხეობა ხალხით გაივსო. წალენჯიხიდან და ზუგდიდიდან ჩამოსული ხალხით. მაშველებთან ერთად ეძებდნენ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მდინარეში შესულ კაცს - ირაკლი მაქაცარიას.

კაცს, რომელიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარს წირავდა, მაშველებმა ღამით, მიუვალ ადგილზე მიაგნეს. მის გამოჩენას უამრავი ადამიანი ელოდა.

ეს დღე ალბათ არასდროს დაავიწყდებათ, არც მაშველებს, არც გადარჩენილებს. აქ, სქურის ხეობაში, საფრთხე, მამაცობა, ერთობა და გამარჯვება ყველამ ერთად განიცადა. ორსული ქალი, მეგი კობერიძე, ესპანეთში დაბრუნდა. ის "კურიერი P.S."-ს ემოციურ წერილს სწერს და გმირებს სიცოცხლისთვის მადლობას უხდის.

ასეთი კიდევ ბევრი ისტორიაა ბევრი გმირით. ჩვენ კიდევ ერთ მაშველს გაგაცნობთ.

გოჩა ბილვანიძე წლებია ამ საქმეს ემსახურება. პროფესიის შეცვლა არასდროს უფიქრია. უამინდო ზაფხულში მღელვარე ზღვიდან ბევრი ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანა. არის ისტორიები, რომელიც არასდროს დაავიწყდება.

შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ ერთ გმირს შევხვდით, მანამდე მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ყველაზე ახალგაზრდა, თუმცა უკვე დიდი გამოცდილების მქონე მაშველი წარმატებულ სტუდენტობასთან ერთად, ხალხის გადარჩენასაც წარმატებით ახერხებს.

პროფესია მაშველი - უამრავი ადამიანისთვის ცხოვრების გაგრძელებას ნიშნავს. ბევრმა ადამიანმა სიცოცხლის, ყველზე ძვირფასის შენარჩუნება წელსაც მათი დახმარებით შეძლო.

დღის ამბები