ანაკლიის პორტის მოცულობა და შესაძლებლობები, მშენებლობის გაწერილი გრაფიკი და მიმდინარე პროცესი - ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნო.
თემასთან დაკავშირებით "კურიერი P.S.-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ესაუბრა. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანას შესაძლებლობას მიცემს მიიღოს მსხვილტონაჟიანი გემები, რისი საშუალებაც აქამდე არ არსებობდა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ლოჯისტიკურ სექტორში საქართველოს მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანა ამ მიმართულებით შესაბამისად იყოს წარმოდგენილი, რათა ეფექტიანად და სწრაფად შეძლოს ევროპისა და აზიის დაკავშირება.
"ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილტონაჟიანი გემების მიღება ჩვენთვის, რადგანაც დღეს, ამ ეტაპზე, საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურას არ აქვს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ტიპის გემები მიიღოს, შესაბამისად, საქართველო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის შესაძლებლობით გადავა თვისობრივად ახალ ეტაპზე, შეიძენს ახალ შესაძლებლობებს.
იმ კონკურენტულ გარემოში, რომელიც დღეს მსოფლიოში და ზოგადად, ლოჯისტიკურ სექტორში გვაქვს, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია საქართველო იყოს წარმოდგენილი შესაბამისად ღრმაწყლოვანი ნავსადგურით, ძლიერი რკინიგზით და განვითარებული ლოჯისტიკური სისტემებით.
საქართველოს მთავრობას აქვს 10-წლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში სატრანსპორტო ქსელი და სატრანსპორტო მიმართულებები. აქ მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელიც იდება საქართველოს რკინიგზაში, შესაბამისად, ახალი მაგისტრალების მშენებლობაში იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტიანი და სწრაფი რგოლი იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ევროპა-აზია.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ნავსადგურის განვითარება გადავიდა ლენდლორდ მოდელზე. სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მფლობელად და შესაბამისად ავითარებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურას, ხოლო ოპერატორები და ის ინვესტორები, რომლებიც შემოვლენ აღნიშნული ნავსადგურის განვითარებაში, იქნებიან წარმოდგენილები ტვირთებით, შესაბამისი კაპიტალით, რომლებიც ოპერირებაში შევლენ უკვე ტერმინალების მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაბალანსდეს ინტერესები, შესაბამისად, მოვიზიდოთ დამატებითი კაპიტალი, ინვესტიციები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და განვავითაროთ ანაკლიის ნავსადგური ყველაზე აპრობირებული მოდელით, რომელიც მსოფლიოში დღეს მოქმედებს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.