სატელევიზიო საათი უჩვენებს, რომ "რუსთავი 2"-ზე ახალი სეზონის დრო მოვიდა. ათვლა დაწყებულია, ტელევიზიაში ბოლო სამუშაოები სრულდება. ადამიანები მთელი ზაფხულის განმავლობაში შრომობდნენ იმისთვის, რომ სრულიად განახლებული სტუდიები და გადასაღები პავილიონები მოეწყოთ. შეცვლილ სატელევიზიო სივრცესთან ერთად მაყურებელს ახალი სეზონიდან კიდევ უფრო საინტერესო სატელევიზიო პროგრამა და ახალი გადაცემები ელოდება.
მთავარი შეკრების ადგილი ისევ "რუსთავი 2"-ია, დიდი მოედანი, სადაც დიდმა ფეხბურთმა ორი თვის წინ მთელი ქვეყანა გააერთიანა.
წარმატების ისტორიის გასაგრძელებლად, ამ შენობის კედლებში ბევრი ადამიანი ისევ ერთ გუნდად შეუდგება მუშაობას, ახალი თაობაც და ძველებიც, ისტორიული არხის დაბადების წუთებიდან რომ მოვიდნენ აქ და "რუსთავი 2" დღემდე შვილივით რომ უყვართ. მათ შორისაა ნინო შუბლაძეც, რომელიც დღეს ამ არხის ხელმძღვანელია და აპირებს, რომ მშობლიური ტელევიზია უფრო წარმატებული და რეიტინგული გახადოს.
მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებული ტრანსლაციის შემდეგ, არხი ახალი ძალებით ახალი ჩემპიონობისთვის ემზადება. მთავარი გოლების გატანას კი, ყველაზე სახალხო და ყველაზე საინტერესო გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და პოლიტიკური გადაცემებით შეეცდება.
არხი კარგად ნაცნობი და ახალი სახეებით სეზონს დიდი სიახლეებითაც იწყებს. "რუსთავი 2"-ის დიდი გუნდი განსაკუთრებულად ემზადება, რომ კვლავ თქვენი ოჯახების საინტერესო სტუმრები ვიყოთ.
"რუსთავი 2" მაყურებელს ისევ გააოცებს მეგაშოუებით. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "რუსთავი 2-ზე" "ნიჭიერი" ბრუნდება. ყველაზე მასშტაბური ტელეპროექტი ისევ გამოავლენს ქვეყნის ყველაზე ნიჭიერს და მაყურებელს დაუვიწყარ შოუს ოქტომბრიდან შესთავაზებს. რთული გამოსაცნობი არ არის, ვინ წაიყვანს შოუს, ჟიურის წევრების ვინაობას კი პროექტის ავტორები მეგაშოუს დაწყებამდე სიურპრიზად ტოვებენ.
არხზე "მეტი შოუც" იქნება - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. კარგად ნაცნობი ძველი და ახალი სახეებით. სატელევიზიო-იუმორისტული კონცერტი, რომელიც მაყურებლების საუკეთესო განწყობის შესაქმნელად 13 სექტემბრიდან დაიწყებს დროის ათვლას. როლები უკვე გადაინაწილეს, იქნებიან სტუმრებიც, შოუზე იმუშავებენ არხზე დაბრუნებული თემო მჟავია და ლევან გოგორელიანი. მათი პირველი სატელევიზიო ნაბიჯები "ქლაბ-შოუს" უკავშირდება.
"რუსთავი 2"-ზე იუმორს ტრადიციულად დიდი დრო დაეთმობა პაატასთან და ნიკასთან ერთადაც.
მაყურებელს "რუსთავი 2"-ზე კვლავ ელოდება იუმორისტული დრამა - "მიხო და მაროს" კახური სასიყვარულო ისტორიები. მთავარია, ტელევიზორებთან სავარძელში მოკალათდეთ და სიცილი გარანტირებულია.
ახალ სეზონზე "რუსთავი 2" ახალ ქართულ სერიალს დაიწყებს. 16 სექტემბრიდან ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დაელოდეთ მძაფრსიუჟეტიან კრიმინალურ დრამას - "ჩვენი უბნის ქვაფენილი". სერიალი მაყურებელს ორ დროში ამოგზაურებს - გაგვახსენებს 90-იანების მძიმე პერიოდს და ამის გამო უკვე თანამედროვე ოჯახებში განვითარებულ დრამას მოგვიყვება.
სასიყვარულო დრამების სიმცირე არ იქნება არც იმ ამბებში, რომელსაც სალომე გოგიაშვილი ყოველ შაბათს საღამოს მოგიყვებათ და საინტერესო ისტორიების შესაგროვებლად არც რეგიონებში მოგზაურობას მოგაკლებთ.
მონატრებული ტელევიზიის კედლებს პირველები დილის გადაცემის წამყვანები დაუბრუნდებიან და ხვალიდან დილა მშვიდობისას მთელ საქართველოს ეტყვიან.
თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის კარგად ნაცნობი ტანდემი კი ამჯერად უკვე შუა დღე მშვიდობისასაც გეტყვით. გადაცემა განახლებული ფორმატით "რუსთავი 2"-ის მაყურებელს საინტერესო თემებსა და ახალ თემატურ რუბრიკებს შესთავაზებს.
არც მუსიკალური თერაპია მოგაკლდებათ, არც ფსიქოლოგიური, არც განწყობის და, რა თქმა უნდა, არც კულინარიული. გემრიელი კერძები იუმორის ნაზავით იქნება გაჯერებული. "შუადღე" მაყურებელს "კურიერიდან" "კურიერამდე" დაელოდება.
ახალ ამბებს "რუსთავი 2"-ზე ტრადიციულად "კურიერი" მოგიყვებათ. როცა ისრები 9 საათს მიუახლოვდება, საეთეროში, სამონტაჟოებში, სტუდიაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების დრო დგება. დიდი პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული უცვლელია. "კურიერის" გუნდთან ერთად დღის მთავარ ამბებს ტრადიციულად ნათია ლაზაშვილი და დავით კაკულია გაგაცნობენ.
"რუსთავი 2"-ზე დიდი დრო დაეთმობა პოლიტიკურ თოქშოუებსაც. ყოველ ოთხშაბათს "ღამის კურიერის" ფორმატში სტუმრებთან ერთად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს ისევ ნინო შუბლაძე შეაჯამებს.
საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ეთერში კვლავ შედგება ცხარე დებატები - ისევ რეზი ჭიჭინაძესთან ერთად.
კვირის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ მოვლენებს კვლავ არხის კიდევ ერთი რეიტინგული გადაცემა შეაჯამებს. "კურიერი P.S."-ის გუნდი ყოველ კვირას 21:00 საათზე კვლავ საინტერესო თემებსა და რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ.
მაყურებელთან შესახვედრად ემზადება გადაცემა "დათის შოუც". საინტერესო სამედიცინო რჩევებს "რუსთავი 2"-ის ექიმები ახალი სეზონიდანაც მოგცემენ. კულინარიულ რეცეპტებს კი "შეფების ლიგა" გაგვიზიარებს.
არხის კიდევ ერთი მუსიკალური პროექტი - "გვაჩვენე შენი ხმა" სრულად იცვლის სახელსაც და ფორმატსაც. გადაცემა "იმღერეს" მონაწილეების შერჩევა უკვე დაწყებულია.
არხი, რომელიც წლების წინ პირველობისთვის დაიბადა, ახალი სეზონიდან კვლავ პირველობისთვის იბრძოლებს.
"რუსთავი 2" ახალ სატელევიზიო სეზონის ათვლას ხვალიდან დაიწყებს და სატელევიზიო თავგადასავალში კვირიდან კვირამდე, გადაცემიდან გადაცემამდე ყოველდღე გამოგზაურებთ. ტელევიზია, რომელიც ქვეყნის ისტორიის ნამდვილი მემატიანეა, ახალი ფურცლის დასაწერად ისევ თქვენთან ერთად ემზადება და ელის, რომ ყოველდღე ყველა ოჯახის სასურველი სტუმარი იქნება.