სარეაბილიტაციო სამუშაოებმა დღევანდელი რუსთაველის გამზირის ქვეშ შუა საუკუნეების თბილისის კვალი გამოაჩინა. ასე გადაიკვეთა ერთ გამზირზე ორი თბილისი - მიწის ზემოთ განახლებული გამზირი იქმნება, მიწის ქვეშ კი არქეოლოგები ძველი ქალაქის აქამდე უცნობ ისტორიას შიფრავენ.
თბილისის მთავარი გამზირი ტექნიკისა და სამშენებლო სამუშაოების ხმამ მოიცვა. ხმამ, რომელიც გვაუწყებს, რომ სამ თვეში დედაქალაქის ცენტრი, სულ სხვა და ახალი იერსახით დაბრუნდება. მაშინ, როცა ქალაქი განახლებულ რუსთაველს ელოდება, გამზირმა საკუთარი წარსული და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეგვახსენა - საუკუნეების ისტორია, რომელმაც თავი აქ, ამ ერთ ქუჩაზე მოიყარა.
დიღმისკენ მიმავალი გზიდან გოლოვინის პროსპექტამდე, გოლოვინის პროსპექტიდან რუსთაველის გამზირამდე, ეტლებიდან ტრავმაიმდე, ტრავმაიდან ავტომობილებამდე - გადის დრო და ყველაფერი იცვლება, თუმცა ისტორია საკუთარ კვალს ყველგან ტოვებს: ძველ შენობებში, ქუჩის ისერსახეში, ამჯერად კი მიწის ქვეშ ამოჩენილ წარსულში.
ამ გზას მეათე-მეთერთმეტე საუკუნის თბილისამდე მივყავართ, კერამიკის სახელოსნომდე, სადაც საუკუნეების წინ თიხას ამუშავებდნენ და მისგან საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებდნენ.....
დღეს აქ არქეოლოგები მიწის ფენებს სათითაოდ იკვლევენ. თითოეული ფენა თითქოს თბილისის ისტორიის ცალკე გვერდია, იმ ადგილის, რომელიც თავის დროზე ე.წ. ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენდა.
არქეოლოგები თითოეულ ნივთს მიწიდან იღებენ და საუკუნეების წინანდელ ამბავსაც თავიდან კითხულობენ. ამბებს, რომელიც თბილისის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების კიდევ ერთი დადასტურებაა. არტეფაქტებზე კვლევები ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება, რის შემდეგაც მასალა სათანადოდ დამუშავდება, პირვანდელი სახით აღდგება და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება.
რუსთაველის გამზირი - ადგილი, რომელიც საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების ეპიცენტრს წარმოადგენს. თბილისის ისტორიულ იერსახეს არქიტექტურული ძეგლები და საზოგადოებრივი სივრცეები ქმნიან, სწორედ ამიტომ, ურბანისტების განცხადებით, მისი რეაბილიტაცია და შენარჩუნება, პრიორიტეტული საკითხია.
რუსთაველის გამზირზე მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა. ქალაქის განვითარება კი ხისტ გადაწყვეტილებებს, შრომასა და მოთმინებას მოითხოვს. დედაქალაქის მერი იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, რომელმაც პროექტის დაწყება განაპირობა: მიწისქვეშა ქსელების ამორტიზაცია, ინფრასტრუქტურის უკიდურესი მოძველება და მისი ფუნდამენტური განახლება. კახა კალაძის თქმით, გამზირის ქვეშ არსებული ცენტრალური კომუნიკაციები ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა.
რუსთაველის გამზირი თბილისის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძია, ამიტომ, მისი სწორი დაგეგმარება და ალტერნატიული სქემების მართვა, ქალაქის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია. ამისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მასშტაბური პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს - თავდაპირველად სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მეორე ეტაპზე მიწისზედა სამუშაოები დაიწყება, რაც ისტორიული გამზირის სრულ მოდერნიზაციას ითვალისწინებს. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, განათების ახალი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი მწვანე ნარგავები.
მასშტაბური რეაბილიტაცია, რომელიც თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთს მოიცავს, 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, გამზირის სრული გახსნა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება. თუმცა იმისთვის, რომ სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად მოძრაობა ნაწილობრივ მაინც განიმუხტოს, პირველი მონაკვეთი - ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე, ყოფილ ელბაქიძის დაღმართამდე, სექტემბრის შუა რიცხვებიდან გაიხსნება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა მოქმედებს, თუმცა ალტერნატიულ მარშრუტებს მალე, ახალი და უფრო კომფორტული შეცვლის - რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ უფრო გამტარუნარიანი გახდება. ავტომობილების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები.
დროებით დისკომფორტს მალე განახლებული, ორ კილომეტრამდე გზის სავალი ნაწილი ჩაანაცვლებს. ნოემბრიდან დედაქალაქს სრულად მოდერნიზებული, ევროპული ტიპის ცენტრალური გამზირი ექნება და თბილისს კიდევ ერთი, განახლებული სივრცე შეემატება. დედაქალაქის სავიზიტო ბარათის, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.