ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს.
იურისტის თქმით, იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ ცნობილი სპორტსმენის მხრიდან ოჯახურ ძალადობას ადგილი ნამდვილად ჰქონდა.
ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა დღეს გამართულ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველის ანა აბაშიძის თქმით, ისინი გაეროს ბავშვთა ფონდში აპირებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რომლის მიხედვითაც მეორე ინსტანციის სასამართლომ ბებიის მიმართ ბავშვზე ძალადობის გამო ამკრძალავი ორდერის გაცემის გადაწყვეტილება გააუქმა.
"როდესაც დედა ბავშვს უშვებს მეორე მშობელთან ანუ მამასთან, ვინც არ უნდა იყოს ბავშვთან ძალადობის განმახორციელებელი, მამა, როგორც კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ბავშვი დაიცვას. თუ ის ამას ვერ ახერხებს, არის დანაშაული და ამას ჰქვია უგულებელყოფა, ასე, რომ ამ თემების განცალკევება, რომ თავის დროზე ბებია ძალადობდა და მამას შემხებლობა ამ თემასთან არ ჰქონია, არ არის სწორი. შსს-ს მხრიდან ორდერი ნამდვილად გამოიცა ბებიის მიმართ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ორდერი გააუქმა. აი ამ სააპელაციო მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდება გაეროს ბავშვთა ფონდში და ამაზე სახელმწიფო აგებს პასუხს,"- განაცხადა დღეს ანა აბაშიძემ.
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატებმა დღეს ასევე აღნიშნეს, რომ 100 ათასი დოლარის გაცემა, რომელიც ბასილაშვილების ოჯახისგან ჩოგბურთელის ყოფილმა მეუღლემ მიიღო, ნიკოლოზ ბასილაშვილის კეთილი ნება არ იყო და ეს თანხა მან ყოფილ მეუღლეს სასამართლო განჩინების საფუძველზე გადასცა.
"100 ათასი დოლარი, რომელიც ნეკას გადასცეს, არ ყოფილა ნიკოლოზ ბასილაშვილის კეთილი ნება და ეს არ იყო საჩუქარი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ქალბატონ ნელის, რადგან ეს არის მისი საკუთრება. ჩვენ გვაქვს სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ კონკრეტულ ნაწილად და იმაზე ნაკლებს დათანხმდა ქალბატონი ნეკა, რომელიც კანონით ეკუთვნოდა,"- განაცხადა ანა აბაშიძემ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი კი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან საქმეში ფიგურირებს მცირეწლოვანი ბავშვი და ოჯახს ბავშვის უფლებების ზედმიწევნით დაცვა სურს.
შეგახსენებთ, ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.