ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს მოსახლეობას წყლის პრობლემა უკვე რამდენიმე წელია, აწუხებს. სოფელში წყალი ან არ მოდის, ან სასმელად არ გამოიყენება. ადგილობრივების თქმით, დაბინძურებული წყალი სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზად იქცა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება და მისი ხარისხი ამინდსა და სეზონზეა დამოკიდებული. წვიმიან ამინდში წყალი მღვრიეა. ზაფხულში კი წყალი ხშირად წყდება.
წყლის პრობლემასა და ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობს ოპოზიციაც, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ 2014 წლიდან მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სარეაბილიტაციოდ მილიონობით ლარი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა.
სოფელი შუაღელე სასმელი წყლით ციხისძირში დამონტაჟებული ჭაბურღილიდან მარაგდება. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008-მ" ჩაატარა. კომპანიის დირექტორი ამბობს რომ, მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულეს და დამკვეთს დასრულებული პროექტი ჩააბარეს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შუაღელეს მოსახლეობის პრობლემას იცნობენ და მის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ქობულეთის მერია წყალმომარაგების მიწოდების გასაუმჯობესებლად რამდენიმე პროექტზე მუშაობს.
ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება ორ ახალ ჭაბურღილს ექსპლუატაციაში მიიღებს, სოფელ შუაღელეს მოსახლეობას ისევ დაბინძურებული სასმელი წყალის მოხმარება მოუწევს.