02 მაისი 2024,   01:50
ვრცლად
დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დედოფლისწყაროს საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე არ გაითვალისწინა და პროკურორის არგუმენტების საფუძველზე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმაც. როგორც 38 წლის საჯარო მოხელემ განმარტა, კონფლიქტი, თავდაპირველად, ძმები ჭინჭარაულების მხრიდან დაიწყო, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მას კონკრეტულ პირებთან ურთიერთობის შეწყვეტას სთხოვდნენ. ჭინჭარაულმა, ასევე, განმარტა, რომ დანაშაული თავდაცვის მიზნით ჩაიდინა და ამისი განზრახვა არ ჰქონია.

სხდომის დასრულების შემდეგ განმარტება გააკეთა უფლებადამცველმა. გოჩა თედიაშვილის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია და მოსამართლის გადაწყვეტილება არასამართლიანია.

პროკურორმა კი განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც პატიმრობა მოითხოვა.

წინა სასამართლო სხდომა 5 აგვისტოს 12 საათზე ჩაინიშნა.

საკრებულოს წევრ გიორგი ჭინჭარაულს სახელმწიფო ბრალდება ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები