ტყიბულში თითქმის 4 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებები დამსაქმებელსა და მეშახტეებს შორის პროფკავშირების შუამავლობით მიმდინარეობდა. მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ დიალოგი ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური ჯგუფის მიერ სიტუაციის შესწავლის და დასკვნის შემდეგ გაგრძელდება.
ეკონომიკის სამინისტროს დასკვნამდე მუშაობის განახლებას არ აპირებენ დასაქმებულები. მათი თქმით, ჭაური სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებულია სპეციალური ამწეც, რომლის მეშვეობითაც მეშახტეები მიწის ქვეშ ჩადიან. ისინი ამბობენ, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია და ამის ნათელი დასტურია ინციდენტი, რომელიც ტყიბულში მოხდა.
მეშახტეები ამბობენ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოს ატარებდა. თუმცა, ეჭვობენ, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "ქოალ ოფ ჯორჯიას" არაფერი გაუკეთებია.
კომპანიისგან ითხოვენ, ასევე, ხელფასების მატებას. ამის შესახებ დაპირება, როგორც თავად ამბობენ, ეკონომიკის მინისტრისგანაც მიიღეს.
დასაქმებულთა ბრალდებებს ბრალდებით უპასუხა დღის ბოლოს კომპანიის დირექციამ.
მეშახტეების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობას არ განაახლებენ. არ გამორიცხავენ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც.