08 სექტემბერი 2026,   14:55
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში მთავარი მტკიცებულებები არ საბუთდება - EMC გამოძიების კრიტიკულად აფასებს

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩატარებულ გამოძიების კრიტიკულად აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ შეისწავლა საქმის მასალები. მტკიცებულებების შესწავლის დროს კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა: დაურეკა თუ არა აჰმედ ჩატაევმა თემირლან მაჩალიკაშვილს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას და ირიცხებოდა თუ არა მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხები ჩატაევის გარემოცვაში მყოფი პირების მიერ.

EMC-ის მიერ წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ სუსს არ აქვს მტკიცებულება, რომ ეს თანხა ჩარიცხული იყო თემირლანის ანგარიშზე, რადგან საქმის მასალებში ასეთი მტკიცებულება არ დევს.

ასევე, ტელეფონის ნომერი, რომელზეც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ რეკავს, ნამდვილად არის რეგისტრირებული თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე, თუმცა IP მისამართით დგინდება, რომ ამ ტელეფონის ნომერს არ იყენებდა თემირლან მაჩალიკაშვილი და ეს ტელეფონის ნომერი არც ერთხელ არ იყო განთავსებული არც მის და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის ტელეფონში.

შესაბამისად, EMC ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყებამ ფაქტები ზედაპირულად შეისწავლა.

"ჩვენს შეფასებას ვერ ექნება სიმართლის დადგენის ან ალტერნატიული სიმართლის შეფასების პრეტენზია, იმიტომ, რომ ჩვენ საგამოძიებო პროცესში არ ვიყავით ჩართულები. ამიტომ, დღეს ჩვენ საქმის მასალების საფუძველზე უბრალოდ ვცდილობთ კითხვები დავსვათ, დავეჭვდეთ და გავაკრიტიკოთ ის მტკიცებითი ფორმით წარმოდგენილი შეფასებები, რომელიც სუსს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით ჰქონდა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ის მთავარი მტკიცებულებები, რომელსაც სუსი უთითებდა ახმედ ჩატაევთან დარეკვისა და თანხების გადმორიცხვის შესახებ, ამ მტკიცებულებებით არ საბუთდება.

პროკურატურამ არც კი მოინდომა თითოეული ამ ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ზედაპირულად შეკრიბა მონაცემები. სიღრმისეულად, რა იყო კონკრეტული ფაქტის მიზეზი და იყო თუ არა ის საბოლოოდ კავშირში თემირლანთან, მას არ შეუსწავლია,"-აცხადებს EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

იქამდე, 2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. 26 დეკემბერსვე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

ვერსიას მაჩალიკაშვილების ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

დღის ამბები