18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კრიტიკულ შეფასებას აქვეყნებს - რა უზუსტობები აღმოაჩინა ორგანიზაციამ სუსი-ს მასალებში

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალებზე კრიტიკულ შეფასებას აქყვეყნებს. გამომდინარე იქიდან, რომ 19 წლის მაჩალიკაშვილს ოფიციალურად ბრალდებულის სტატუსი არ ჰქონდა, "იემსი" საქმეში მხარედ წარმოდგენილი არ იყო. მათ მიმართ სუს-მა კეთილი ნება მას შემდეგ გამოიჩინა, რაც პროკურატურამ 19 წლის ახალგაზრდაზე გამოძიება 2020 წლის იანვარში შეწყვიტა და ორგანიზაციას საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ირკვევა, რომ სუს-ის მასალების მიხედვით, საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემდეგ აჰმედ ჩატაევმა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკა. მაგრამ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ამ ნომრით მაჩალიკაშვილი სარგებლობდა. "იემსის" კვლევის მიხედვით, თემირლანის სახელზე რეგისტრირებული ნომერი ტელეფონის კოდის მიხედვით არასდროს გამოუყენებიათ არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს. ვინ იყენებდა ამ ნომერს, უცნობია, თემირლანის ოჯახი შვილის კავშირს ჩატაევთან გამორიცხავს.

ორი მამაკაცი, რომელზეც თემირლანის დედა საუბრობს, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი და ლიკვიდირებული პირები არიან, რომელსაც ადგილობრივები სხვა სახელებით იცნობდნენ და არ იცოდნენ, რომ ორივე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მათ თბილისში ბინის ქირაობაში მაჩალიკაშვილების კარის მეზობელი რამაზ მარგოშვილი დაეხმარა, მოგვიანებით კი მეზობლის ინიციატივით თემირლანიც 3 თვით ვარკეთილში მათთან გადავიდა. საქმეში დევს კიდევ ერთ დეტალი, ამ ბინაში ინტერნეტი მაჩალიკაშვილის სახელზე იყო რეგისტრირებული და პაროლიც "თემირლანი" იყო. სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში თემირლანი და მისი მეგობარი გურამ ხანგოშვილი სწორედ ამ ორ პირთან ერთად გადაადგილდება ვაგზლის მოედანთან. არსებული ვერსიით, თემირლანი და მისი მეგობარი აჰმედ ჩატაევის გარემოცვის წევრებს მაღაზიაში მობილური ტელეფონის საყიდლად გაჰყვნენ, რადგან არც ერთმა ქართული ენა არ იცოდა.

მაჩალიკაშვილის ტელეფონში სპეცოპერაციამდე ერთი დღით ადრე მეგობარ გოგონასთან მიმოწერაც ინახება. სუს-ის მასალების მიხედვით, თემირლანს მიმოწერის დროს ნახსენები აქვს სიტყვა ისტიშხადი, რომელიც თვითლიკვიდაციას ნიშნავს. "იემსი-ში" ამბობენ, რომ თემირლანის მიმოწერა საგამოძიებო უწყების მხრიდან არასწორად არის ნათარგმნი და თემირლანი სოცილურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოს განიხილავდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამ დრომდე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. დღეს მმართველი გუნდიდან მალხაზ მაჩალიკაშვილს კიდევ ერთხელ უპასუხეს და განმარტეს, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც დამატებითი კითხვები აღარ არსებობს.

2020 წლის 27 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება მთავარ პროკურატურაში შეწყდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამ დრომდე ძიებაშია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი სპეცოპერაციის საქმე. სუს-ში გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარად მხარდაჭერას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.  

დღის ამბები