ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ით უკვე 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. მათივე ცნობით, ბოლო ინფიცირების შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა.
უწყების მონაცემებით, აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი.
"აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. "თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას" - ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ქონდათ.
აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ. მის გამოყენებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ეკონომიკის გახსნის პერიოდში ენიჭება, რადგან იზრდება ადამიანთა გადაადგილებისა და კონტაქტების რაოდენობა.
აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან. ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, რომელიც მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში რეტროაქტიულად ფინანსდება,"-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი.