ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას გამოკითხვა, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც გიორგი გაბუნიამ მედიასთან განაცხადა, გამოძიების კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა:
"აქცენტი იყო იმაზე, თუ საიდან მაქვს ინფორმაცია, რომელიც მაქვს და რომელიც მწირია საკმაოდ. მე ორი წყარო მყავდა ინფორმაციის, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს, თუ რა ინფორმაცია მომაწოდა, რამდენად დეტალური იყო ეს ინფორმაცია, თუ მითხრა ვინ იყო წყარო და ა.შ. იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავებისთვის ან სუსისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია რაც მითხრა გვარამიამ, მაგრამ არა, მე განვუმარტე გამომძიებელს და მოსამართლეს, რომ მე არც მქონია ამის მცდელობა, იმიტომ რომ პირველ რიგში ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც მაწვდის ასეთ ინფორმაციას. პლუს როდესაც მეუბნება, რომ წყარო იყო რეალურად სუსი, უკვე აზრს კარგავს ისევ სუსთან წასვლა და ამის შესახებ საუბარი. მეორე წყარო, არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მე მითვალთვალებდნენ, დიდი ალბათობით დაიბარებენ ჩემს დაცვასაც," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია 2 თვის წინ მიიღო და შესაბამისად, გაძლიერდა მისი დაცვაც:
"დაახლოებით 2 თვეა მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ჩემი დაცვა,"- აღნიშნა გაბუნიამ.
ჟურნალისტის თქმით, მას სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა, თუმცა ჯერ ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ადვოკატთან უნდა მოილაპარაკოს და საფრთხეები შეაფასოს:
"შემომთავაზეს ყველანაირი სახის დაცვა, ისიც კი მითხრეს თუ გინდა სახე შეიცვალე სახელი და გვარი... უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ვერსია აქვს თავად ჟურნალისტს მისი მკვლელობის დამკვეთებთან დაკავშირებით, გიორგი გაბუნია დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთს უკავშირდება:
"თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთისგან, რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს, რამზან კადიროვის ქვევით რა ხდება და მის მიღმა. მე დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია მოუნდეს, ეს არის რუსეთი და რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს,"- აღნიშნა გაბუნიამ.
გიორგი გაბუნიას შეკითხვა დაუსვეს უკრაინულ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებითაც, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის და რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ. საუბარია იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიათან დაკავშირებით ამბის გავრცელება დროზე ადრე მოხდა. გიორგი გაბუნიას თქმით, ჩანაწერის შესახებ, მას ინფორმაცია არ აქვს და ეს მედიისგან შეიტყო.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიიღო ნიკა გვარამიამ სუსისგან ინფორმაცია, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ გვარამია ხელისუფლებაში იყო და კონტაქტები აქვს.
ჟურნალისტმა ასევე განაცხადა იმის შესახებაც, რომ მისთვის, საგამოძიებო უწყებებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, მას შეუძლია ამ თემაზე თავისუფლად ილაპარაკოს.