22 სექტემბერი 2021,   02:29
ვრცლად
შეკვეთილი მკვლელობის საქმე - ვინ არის სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ნიკა გვარამიას გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია მიაწოდა

ვინ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ნიკა გვარამიას გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია მიაწოდა, სახელი და გვარი არ სახელდება, არ სახელდება არც "ქართული ოცნების" წევრის ვინაობა, ვინც გვარამიას ინფორმაციით, ისინი მოსალოდნელის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

სასამართლოში გამოკითხვაზე მისული ორივე პირი გვარამიაც და გაბუნიაც აცხადებენ, რომ ინფორმაცია მათთან სუს-იდან მივიდა. ამასთან ჟურნალისტი ამბობს, რომ იმავე პირის გაფრთხილებით მას საკითხზე არავისთან არაფერი არ უნდა ეთქვა.

გამოძიებას ასევე მოუწევს დაადგინოს, ავთენტურია, თუ არა სააკაშვილი-ადეიშვილის ის აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს უკრაინულმა საიტმა გაავრცელა. ქართველი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის საქმე ყოველდღე უფრო ბუნდოვანი ხდება.

მედიის კითხვებს ნიკა გვარამიამ სასმართლოში გამოკითხვის შემდეგ უპასუხა. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორმა გამომძიებლებს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის ფარგლებში ჰქონდა. მან განაცხადა, რომ სუს-ის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი არ არის სავარაუდოდ ის პირი, რომელსაც ჟურნალისტი უნდა მოეკლა, მისი დავალება მხოლოდ გაბუნიას გადაადგილების მარშრუტის შესწავლა იყო.

საფრთხის არსებობა აჩენს კითხვებს - ვინ არის მკვლელობის დამკვეთი და ჰყავს, თუ არა ვასამბეგ ბოკოვს თანამზრახველი. სწორედ ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, არაა გამორიცხული, გიორგი გაბუნიას დაცვა დაენიშნოს. სასამართლოში ის თავადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

ჟურნალისტი იმ საქმის ფარგლებში საუბრობდა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. დანაშაულის დამკვეთად ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ასახელებს.

გიორგი გაბუნიას უფლებადამცველი, რომელიც დღეს გამოკითხვებს ესწრებოდა ამბობს, რომ სუს-ის გამომძიებელი დღეს საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის უსაფრთხოების საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც მისი თქმით აჩენს ეჭვს, რომ ლიკვიდაციის საფრთხეს არ ჩაუვლია.

დამკვეთისა და თანამზრახველის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს საქმის პროკურორი ერთი წინადადებით პასუხობს. მისი თქმით, იკითხებიან მოწმეები და იხილება დანაშაულის ყველა შესაძლო ვერსია, შესაბამისად, პროკურორის განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არსებული ინფორმაციის გარდა უწყებას მეტის თქმის უფლება არ აქვს.

დღესვე დაკითხვაზე მისულმა ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ კომენტარები გააკეთეს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზეც. ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრობენ. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიამ ინფორმაციის გასაჯაროება იჩქარა.​

"კურიერისთვის" ცნობილია, რომ რამდენიმე დღეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას შემდეგ, ჟურნალისტის დაცვის თანამშრომლებსაც გამოკითხვას.

გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე საქმეს ერთი დაკავებული ჰყავს - ვასამბეგ ბოკოვი, რომელსაც ოფიციალური ბრალდება შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეში ყალბი დოკუმენტაციების გამოყენებაზე აქვს წაყენებული.

დღის ამბები