10 სექტემბერი 2026,   01:42
ვრცლად
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია - ადვოკატი მუხლების აბსურდულობაზე საუბრობს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მისი ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, არასრულწლოვანი დაკავებულია 225-ე და 143-ე მუხლებით, რაც ძალადობას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მუხლები აბსურდულია დაა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია 225-ე და 143-ე მუხლით, ეს არის ძალადობა ან მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა. იმდენად აბსურდული მუხლია ეს, რა კავშირშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ მუხლთან, ვერ გავიგეთ. მას არ აღმოაჩნდა ხელკეტი, ის არ მონაწილეობდა არანაირ ძალადობასა და კონფლიქტში. თავისუფლების უკანონო აღკვეთა - ეს არის მეორე კვალიფიკაცია, ამითიც არის დაკავებული. ბრალს რითი წარუდგენს გამოძიება არ ვიცი, თუმცა ჩნდება განცდა და ეჭვი იმის, ხომ არ სურს, ამ შემთხვევაში, გამოძიებას რაიმეს გადაფარვა,"-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები