"კურიერის" ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ფეხბურთელი ირაკლი წაქაძეც არის დაკავებული.
"კურიერი" დღეს იმყოფებოდა დაკავებულების ოჯახის წევრებთან, რომლებმაც თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ. ისინი მცხეთისა და თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. "კურიერმა" დაკავებულების ნაწილის ვინაობა გაარკვია. ესენი არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.