19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველმა შესაძლოა არასრულწლოვანთან მიმართებაში სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტა.
გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირების არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია. ადვოკატისვე თქმით, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს წაუყენებენ, არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივა.
"დაკავების ოქმში მითითებულია, რომ მან თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩაიდინა, ასევე ჩაიდინა ძალადობა, ან მასში მონაწილეობა, სახელმწიფო წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა იარაღით, რასაც რბევა, აფეთქება მოჰყვა. ეს კვალიფიკაცია არარელევანტურია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებთან. ის არცერთ კონფლიქტში არ მონაწილეობდა და მას არავისთვის თავისუფლება უკანონოდ არ აღუკვეთავს. გური ამირხანაშვილის ეპიზოდს რაც შეეხება, როგორც ვიცი, მას ნათქვამი აქვს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ის არავის წაუყვანია და მანქანაში არავის ჩაუსვამს.
აბსოლუტურად ყველა მაედინტიფიცირებელი ჩვენება მიაწოდა გამოძიებას არასრულწლოვანმა, კერძოდ, რა ეცვა აღნიშნულ პირს, რა ნივთები ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა და ა.შ. 16 საათი იმყოფებოდე პოლიციის განყოფილებაში და იქ მიდიოდეს გამოკითხვა, მოგეხსენებათ ეს ძალიან დიდი დროა და ლოგიკურია, რომ ის ისე იყო გადაღლილი ვერ წაიკითხავდა მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც გამომძიებელმა დაბეჭდა და აქედან გამომდინარე ხელიც ისე მოაწერა, - აღნიშნა ადვოკატმა.
19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მათ ნაწილს ბრალდების შინაარსი უკვე გააცნეს. დაკავებულები თბილისის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.