18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
3 ოქროს მოწმის ჩვენება ცნობილია, ექსკლუზიურად "კურიერში" - რა მტკიცებულებები დევს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში

17 დაკავებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ადვოკატების პროტესტი და ოქროს მოწმის ჩვენებები - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ოქროს მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ პირველი, ვინც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეიტყო, ლისზე მყოფი ირაკლი წაქაძეა, ის ახალგაზრდებს წვეულების გასაგრძელებლად საკუთარ სახლში ელოდებოდა. მას დიდუბიდან გურამ ამირხანაშვილმა დაურეკა, მომხდარი ინციდენტი უამბო და დახმარება სთხოვა.

თავგატეხილმა ვახტანგ ჩიქოვანმა, ნაცემმა თენგო ბარბაქაძემ, ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და სხვა ნაძალადეველმა მეგობრებმა აგარაკის ტერიტორია დატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით დაპირისპირებულ მხარეზე შურის საძიებლად ხელკეტებით შეიარაღდნენ და დახმარება უბნელ მორაგბეებსაც სთხოვეს. ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩვენებაში დეტალებზე საუბრობს ოქროს მოწმეც. ჩვენების მიხედვით - გიორგი შაქარაშვილმა, გურამ ამირხანაშვილმა, ვახო ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კოკო ღიბრაძემ ნარაკვევის აგარაკი დატოვეს, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გამოვიდნენ და თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ.

ღიბრაძე იყო ის პიროვნება, რომელიც წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა, საქმეშიც, როგორც დიჯეი ისე ფიგურირებს. ერთ-ერთი ვერსიით წვეულებაზე დაპირისპირება სწორედ მის გამო დაიწყო, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მათგანი ჩხუბში არ მონაწილეობდა.

ვერცხლისფერი მანქანიდან გადმოსული მგზავრები გიორგი ქათამაძეს გაუსწორდნენ, ასევე სცემეს კოკო ღობრაძეც, იგივე დიჯეი. "მერსედესს" ძიუდოში ჭაბუკთა შორის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი მართავდა, მასთან ერთად იმყოფებოდა თენგო ბარბაქაძე, რომელიც მანამდე აგარაკზე სცემეს, ერთი არასრულწლოვანი, და მორაგბე ნიკა ჟვანია, რომელსაც ჩვენების მიხედვით, რკინის ხელკეტი ეჭირა.

მათი წასვლის შემდეგ ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, როდესაც შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან ისევ ავტომაგისტრალზე შავი მერის ავტომობილი გაჩერდა. 5 მგზავრი ახალგაზრდებს დაედევნა.

სწორედ აქ იკარგება 19 წლის ფეხბურთელის კვალიც. გაქცევისას საქმის ოქროს მოწმემ, ბოლოს, გიორგი შაქარაშვილი ვახტანგ ახვლედიანთან ერთად მდინარე არაგვის მიმართულებით გაქცეული დაინახა. თავად კი ფარდულთან ახლოს დაიმალა. როგორც ჩვენებაში ამირხანაშვიილი წერს, "ტოიოტას" მარკის მგზავრებმა ის იპოვნეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

"კურიერმა" "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მგზავრის ჩვენებაც მოიპოვა, რომელიც ამირხანაშვილის ჩვენებისგან განსხვავებულია. რაგბისტი ვასილ მახარაძე გურამ ამირხანაშვილის თბილისში იძულებით წაყვანაზე არაფერს ამბობს, თუმცა ის ახლა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვისაა ბრალდებული.

საბედისწერო წვეულებას 17 ბრალდებული ჰყავს. მათ შორის, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის 6-ვე მგზავრი და ასევე 3 არასრულწლოვანი. ჩვენებებით ირკვევა, რომ ბოლოს 19 წლის ფეხბურთელი მისმა მეგობარმა ვახტანგ ახვლედიანმა ნახა. ამ დრომდე ისევ უცნობია, რა ბედი ეწია გიორგი შაქარაშვილს, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე ორ მხარეს შორის დაპირისპირებაში გამშველებელი იყო.

ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ, გაუჩინარების ადგილიდან 2-3 კილომეტრში, მდინარე არაგვში იპოვნეს.

დღის ამბები