12 სექტემბერი 2026,   03:27
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირში მყოფი ბრალდებულთა ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირში მყოფი ბრალდებულთა ადვოკატები.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ 8-საათიანი განხილვის შემდეგ 17-ვე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არა წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, არამედ საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე მიიღო.

ადვოკატთა ნაწილი ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არ აქვთ და ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

"გავასაჩივრებთ აღნიშნულ აღკვეთის ღონისძიებას. პირველ რიგში, გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო კოლეგიაში. სამწუხაროდ, შეგრძნება გვაქვს, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი ვართ. ვაპირებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ.

აბსოლუტურად არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სასამართლოს ყველაზე მძიმე აღკეთის ღონისძიება გამოეყენებინა," - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

დაკავებულებს, რომელთა შორის 3 არასრულწლოვანია, გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ასევე ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დღის ამბები