27 დეკემბერი 2024,   07:20
ვრცლად
სურამში მომხდარი ოჯახური ტრაგედიის დროს სახლში ბავშვებიც იმყოფებოდნენ - მამაკაცის მიერ ცოლის მკვლელობის საქმე გახსნილია

სურამში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია - პოლიციამ 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, რომლითაც 34 წლის ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

როგორც ირკვევა, იყო 6 გასროლის ხმა. შემთხვევის დროს სახლში იყვნენ ბავშვებიც. წყვილს 3 შვილი ჰყავს. ახალგაზრდა ქალის მისამართით გასროლა განხორციელდა მაშინ, როცა ბრალდებულის ცოლს ეძინა. 

ადგილობრივები დატრიალებული ოჯახური ტრაგედიის ვერსიად ეჭვიანობას ასახელებენ. მეზობლების თქმით, მამაკაცს ე.წ. თეთრი ცხელების ნიშნები ჰქონდა. 

მათივე ინფორმაციით, ბავშვებმა გასროლის შემდეგ ბებიას დაურეკეს, რომელიც ოჯახში, სადაც ტრაგედია დატრიალდა მალევე მივიდა, თუმცა შვილის გადარჩენა ვეღარ შეძლო. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები