20 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
მოკლული ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრები ხაშურის პროკურატურასთან აქციას მართავენ

ხმაური იყო ხაშურის რაიონულ პროკურატურასთან. ადგილზე ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ზურაბ დადეშელის სასტიკ მკვლელობაში გიორგი შონიას ადანაშაულებენ, რომელიც რუსთავის სასამართლომ გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრები სასამართლოს მიერ გათავისუფლებული გიორგი შონიას დაკავებას ითხოვენ.

"ეს იყო ჩვენთვის სრული შოკი და არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ სასამართლოს ეს პიროვნება დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა, ვინაიდან გიორგი შონიას მანქანით მოხდა ჩემი ძმის გატაცება. გიორგი შონიას მანქანაში იყო ჩემი ძმის სისხლი, რომელიც ექსპერტიზამ, რატომღაც, ვერ დაადგინა. ველოდები, რომ კვლავ მოხდება გიორგი შონიას დაკავება იმიტომ, რომ ეს არის მკვლელი," - განაცხადა ზურაბ დადეშელის დამ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს განჩინებას ელოდებიან და ასევე სარჩელის შეტანას გენერალურ პროკურატურაშიც აპირებენ.

"როგორ არ გაუჩნდა მოსამართლეს ის მაინც, რომ ეს კაცი ხომ არ იყო მეხორცე?! ბოდიში მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მაგის მანქანაში რომ ამდენი სისხლის ფოტო ნახა რათ უნდოდა ექსპერტიზა? ისე მაინც არ დაეჭვდა, რა მოხდაო? ისე მაინც ეკითხა, ვიღაცამ გალახა, ვიღაცა გალახეს?! ასეთი აბსურდული განაჩენი როგორ უნდა გამოეტანა. არა და მაგის გაჩერება არ შეიძლება. ველოდები ახლა განჩინებას, ჯერ არ მოსულა, მაგრამ სანამ განჩინება მოვა, მე გენერალურში ხვალ იქნება, თუ ზეგ, სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლად შევიტან სარჩელს," – აცხადებს ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრი.

ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის კვალი 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარემ რუსთავში გამორიყა.

დღის ამბები